ხელოვნება

90-იანების ნოსტალგია – ხელოვნების ფესტივალი ქუთაისში

29 სექტემბერი, 2013 •
90-იანების ნოსტალგია – ხელოვნების ფესტივალი ქუთაისში

 ფესტივალში მონაწილეობა  გიორგი მაისურაძემ (მოხსენება – ხელოვნება, როგორც პერვერსია), ალექს ჩიღვინაძემ (პოეზია), ამბროს მელქაძემ (პოეზია) და ვალერი ხაჩიძემ (მუსიკა-ჯგუფ მონოპლანი)  მიიღეს. 

 

„დამსწრეთაგან რამოდენიმემ გამოთქვა ასეთი აზრი, რომ თითქოსდა 90-იანების რომელიმე სახელოვნებო ე.წ. „ტუსოვკაზე“  ეგონათ თავი. მე არ ვიცი, ეს კარგია, თუ ცუდი,  მაგრამ თითქოს ერთი რამ ჩანს, რომ, აი, ამ 90-იანების მონატრებას აქვს თავისი მიზეზები და ჩვენ მას ლოგიკური ახსნა უნდა მოვუძებნოთ, რადგანაც ადამიანებს გაუჩნდათ ასეთი ასოციაცია და მათ ეს ახსენეს დადებით კონტექსტში,“ – ამბობს გიორგი ხასაია, ფესტივალის ორგანიზატორი.

 

ხასაიას ინტერპრეტაციით, საქმე გვაქვს თავისუფალი სახელოვნებო სივრცეების არსებობის სურვილთან: 

 

„ეს ისეთი სივრცეების არსებობის სურვილია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის  ოკუპირებული პოლიტიკოსების, ჩვენი მეინსტრიმ- მედიის, სასულიერო პირების, სხვადასხვა ნაციონალისტური დისკურსების მიერ. ისეთი სივრცის არსებობის სურვილია, რომელშიც, იმავდროულად, შეიძლება პოლიტიკური ხელოვნებაც იქმნებოდეს, მაგრამ არ ესწრაფოდეს ძალაუფლებისთვის ბრძოლას, ჩაბმული  არ იყოს ძალაულებისთვის ბრძოლის დოღში”.

 

მისივე სიტყვებით, „ქუთაისი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქალაქია, რადგან ის მინიმუმ ორი მნიშვნელოვანი სახელოვნებო აფეთქების ქალაქად გვევლინება. პირველი, ეს იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში და მეორე, ეს იყო 90-იან წლებში.“

 

გიორგი მაისურაძე მიიჩნევს, რომ კულტურული პროცესის განსაახლებლად მსგავსი სახით შეკრებები მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის აქციონიზმის გარეშე პროცესი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ელემენტია:

 

„ხელოვნებამ უნდა დაიბრუნოს ის სივრცე, რომელიც მას დაკარგული აქვს. ეს სივრცე დაკავებული აქვს ყალბ ხელოვნებას, იდეოლოგიურ ხელოვნებას.”

 

„ვენტილაცია“ წარმოადგენს ხელოვნების მცირე ფესტივალს, რომელიც თავს მოუყრის საქართველოში, სხვადასხვა არტისტულ პრაქტიკაში მომუშავე ხელოვანებს. ფესტივალის ფარგლებში 21 სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, ქუთაისში  5 ივენთი გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მუსიკოსები, ასევე პოეტები, ვიზუალური არტისტები და თეორეტიკოსები.

 პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC). საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო “ძველი ქალაქი”

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი