“ლონდონში არის ასეთი პრაქტიკა: ლონდონის თეატრი რომ სპექტაკლს დგამს, ლონდონში კი არ არის პრემიერა, ჯერ იწყებენ სხვადასხვა სოფლებში და ბოლოს დგამენ დედაქალაქში და ჩვენთან ხომ იცი, ყველაფერი თბილისშია თავმოყრილი და ამიტომ სპეციალურად გადავწყვიტე, რომ სხვაგან გავაკეთო და ბოლოს – თბილისში. წიგნს ჰქვია “ტყეების მეფე”, რომანია და დავით აღმაშენებელი ქუთაისელი კაცი იყო და წიგნის პრეზენტაცია სად, თუ არა ქუთაისში უნდა გაგვემართა. უნივერსიტეტში უკვე გვქონდა და ახლა აქ ვართ,” – განაცხადა დათო ტურაშვილმა.
როგორც “ჩაის სახლის” დამფუძნებელი გუგა კოტეტიშვილი ამბობს, ძირითადად, ეს ადგილი კულტურულ ღონისძიებებზეა გათვლილი:
“ქუთაისშიც და თბილისშიც როგორც ჩაის სახლის, ისევე როგორც ბევრი რამის გახსნა არის საჭირო. რაც მეტი ახალი მიმართულების ადგილი იქნება, მით უკეთესია. ეს იდეა მეგობრებში გაჩნდა და ძალიან მალე განვახორციელეთ. აქ წიგნების პრეზენტაცია, ფილმების ჩვენება და სხვა ღონისძიებები გაიმართება. თუ ვინმეს რამე კულტურული ღონისძიების ჩატარების სურვილი ექნება, დავუთმობთ ფართს. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი მოვა, დაჯდება, ჩაის დალევს და ისაუბრებს.”








