პროექტის ფარგლებში მოზარდები სხვადასხვა საბავშვო ავტორებს, ილუსტრატორებს, ფოტოგრაფებსა და მუსიკოსებს შეხვდებიან. შეხვედრები ჩატარდება ორ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. პირველი შეხვედრა 14 სექტემბერს, 12 საათზე დაიწყება. შეხვერებს სისტემატური ხასიათი ექნება.
პატარებს მაკა მიქელაძე და სხვა ავტორები წიგნების კითხვით გაართობენ. შედარებით დიდებთან (6 წლიდან 13 წლამდე) კი მიქელაძე პროექტის მეორე ნაწილში „როგორ კეთდება კარგი საბავშვო წიგნი“ იმუშავებს.
“პროექტის მიზანია ამ ულამაზეს ისტორიულ შენობაში მოუყაროს თავი ბაღისა და დაწყებითი კლასების პატარებს და ლამაზ სივრცეში წაუკითხოს მათ ზღაპრები, ლეგენდები, ლექსები, თქმულებები და იგავ-არაკები. ეს პროცესი არ იქნება მხოლოდ კითხვის და წიგნის ფურცვლის პროცესი, ეს იქნება შემოქმედებითი ურთიერთობა, სადაც ავტორი და პატარები ერთად ეცდებიან წიგნთან და ამბავთან ზიარებას,”- ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
შეხვედრები ყოველ შაბათს, 12 საათზე გაიმართება და დასწრება თავისუფალი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის. პირველ შეხვედრაზე მოზარდებს, მაკა მიქელაძის გარდა, პოეტი ვასილ გულეური და მწერალი ლელა ცუცქირიძე უმასპინძლებენ.
