ხელოვნება

კულტურის მდგრადობის უზრუნველყოფის ფონდისთვის 3 მილიონია გამოყოფილი

15 აგვისტო, 2013 • 1120
კულტურის მდგრადობის უზრუნველყოფის ფონდისთვის 3 მილიონია გამოყოფილი

ალექსანდრე მარგიშვილის, კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, კულტურის მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარია გამოყოფილი და მომავალ წელსაც ამდენი თანხა გამოიყოფა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ფონდის დახმარებით კულტურის სამინისტროს კომერციულად მომგებიანი პროექტების დაფინანსება სურს. 

 

მარგიშვილის თქმით, კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების უმეტესობა კომერციული თვალსაზრისით წამგებიანია.

 

“კულტურის სამინისტრო რაზეც ფულს ხარჯავს, უმეტესობა არის წამგებიანი პროექტები. ესაა ხელშეწყობა იმისთვის, რომ კულტურის სფერო არ ჩავარდეს. გვინდა, არა მხოლოდ გავცეთ ფული, რომ კარგი საქმე გაკეთდეს, არამედ ამასთან ერთად ამ ფულმა მოიტანოს შედეგი. ფონდის საქმე იქნება, რომ ფული ჩაიდოს კომერციულად წარმატებულ პროექტებში და ფული დავხარჯოთ ისეთ საქმეში, სადაც ას ლარს ჩავდებთ და ას ორმოცდაათი ლარი იქნება უკუგება,”- განაცხადა მარგიშვილმა. 

 

მარგიშვილის თქმით, ფონდის გავლით დაფინანსებული პროექტებიდან შემოსული თანხა ისევ ფონდის ბიუჯეტში იტრიალებს და ფონდის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომელი პროექტი დააფინანსოს.

 

“ეს [მომგებიანი პროექტი] შეიძლება იყოს კინოს გადაღება, ანიმაცია. ეს შეიძლება იყოს თეატრალური პერფორმანსი, ახალგაზრდების მიერ შექმნილი კრეატიული პროექტები, მიუხედავად დარგისა,”- ამბობს მარგიშვილი. 

ფონდს ერთი დირექტორი, ორი მოადგილე და საბჭო ეყოლება, რომლის შემადგენლობაშიც 5-7 წევრი იქნება. საბჭოს წევრების კვალიფიკაცია განსაზღვრულია. ისინი ხელოვნების სფეროში გამოცდილების მქონე პიროვნებები უნდა იყონ. საბჭო სექტემბერში დაკომპლექტდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი