ხელოვნება

კულტურის სამინისტრო: პრეზიდენტი ცრუობს, რაბათი არ დაინგრევა

12 ივლისი, 2013 • 1611
კულტურის სამინისტრო: პრეზიდენტი ცრუობს, რაბათი არ დაინგრევა

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. რაბათის ტერიტორიაზე არც ნგრევაა დაგეგმილი და არც მინარეთების დაშენება, განზრახულია მხოლოდ 2012 წელს აჰმედიეს მეჩეთის რეაბილიტაციისას დაშვებული იმ რამდენიმე ხარვეზის გამოსწორება, რომელმაც შელახა ძეგლის ავთენტურობა და სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პრეზიდენმა იმავე განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა: “საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, ნუ ნიღბავს თავის დაუოკებელ წყურვილს, რომ დაანგრიოს რაბათი მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ვანო მერაბიშვილის და ჩემი აშენებული“. ამ სიტყვებით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უახლოეს წარსულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმნიშვნელოვანესი საკითხები ცალკეულ პოლიტიკოსთა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების საფუძველზე წყდებოდა და არა ამ დარგის სპეციალისტთა ერთობლივი, შეჯერებული დასკვნის ნიადაგზე.

ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა, კრიზისული ვითარება შექმნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რის გამოც დარგში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მრავალ დაბრკოლებას აწყდება.

ერთ-ერთი ასეთი დაბრკოლებათაგანია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღემდე სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა მიმდინარე წლის 29 მარტს მიღებული ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. სწორედ ხელშეკრულების დროულად გაფორმებაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქართველ ექსპერტთა ჩართვა იშხანსა და ოშკში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესებში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უწყებათაშორისი კონსულტაციის ფორმატის შესაბამისად, შეიმუშაოს კომენტარები ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებით, რათა დასრულდეს დოკუმენტზე მუშაობა და, საბოლოოდ, შესაძლებელი გახდეს ამ ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული ჩვენი ზიარი კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი დაცვა,”– ნათქვამია კულტურის სამინისტროს დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მიხეილ სააკაშვილის 11 ივლისს ბათუმში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თურქეთის პრემიერ–მინისტრსა და პრეზიდენტს რაბათის ციხესთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ აქვთ და საქართველოს მთავრობა აღნიშნული თემით სპეკულირებს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავრობას რაბათის ციხის დანგრევა სურს.

 

პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა კულტურის მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის განცხადება, რომელშიც სააკაშვილი არ აწერდა ხელს თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა იშხანზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტში ქართული მხარის შენიშვნების გათვალისწინება.

 

იშხნის რეაბილიტაცია თურქეთის ხელისუფლებამ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. ქართულ მხარეს სჭირდება ჩარჩო–დოკუმენტი, რომლის ძალითაც უფრო ეფექტურად შეძლებს აღდგენით სამუშაოებში ჩართვას. კულტურის სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტის პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელმოსაწერ დოკუმენტში გათვალისწინებულ განახლებულ რაბათის ციხესთან დაკავშირებულ შენიშვნებს არ ეთანხმება და ხელს არ აწერს.


მასალების გადაბეჭდვის წესი