ხელოვნება

განახლებული სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი გაისხნა

1 ივლისი, 2013 • 2653
განახლებული სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი გაისხნა

გახსნის დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მუზეუმის მნახველებს თავად მასპინძლობდა. ერთი თვის მანძილზე სტუმრებს მუზეუმის დათვალიერება უფასოდ შეეძლებათ.

 

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, რომელიც თითქმის საუკუნეა არსებობს, რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ საგამოფენო დარბაზები მოეწყო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. შეიქმნა სარესტავრაციო ლაბორატორია და საცავები.

 

განახლებულ მუზეუმს 6 მუდმივი ექსპოზიციის დარბაზი აქვს. პირველ დარბაზში სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალაა გამოფენილი, შემდეგ განთავსებულია ნუმიზმატიკური კაბინეტი. მომდევნო დარბაზები ეთმობა ქრისტიანულ საგანძურს, სადაც გამოფენილია IX-XVIII საუკუნეებში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის ნამუშევრები: ორმოცი სებასტიელი  მოწამის ხატი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, ვენეციური ჯვარი, თამარ მეფის მიერ შეწირული სურა, მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუში – ადიშის ოთხთავი, 897 წ. და სხვა. ბოლო გალერეა მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალას ეთმობა.

 

მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდისა და ორგანიზაციის მიერ დაფინანსდა: საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის, ევროკავშირის ტვინინგის პროგრამის, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი/ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანების, სმიტსონის ინსტიტუციის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის, საქართველოში იტალიის და შვეიცარიის საელჩოების დახმარებით მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი