კინოხელოვნება

“გრძელი ნათელი დღეების” კიდევ ერთი წარმატება სლოვაკეთში

27 ივნისი, 2013 • 1955
“გრძელი ნათელი დღეების” კიდევ ერთი წარმატება სლოვაკეთში

26 ივნისს ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმმა “გრძელი ნათელი დღეები“ სლოვაკეთში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზი: ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის 14 წლის ლიკა ბაბლუანს და პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის – ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს გადაეცათ.

 

“ჩვენ ქედს ვიხრით დიდი ნიჭის მქონე ახალგაზრდა ტალანტების წინაშე, რომელთა ნიჭი უკვე ამ ადრეულ ასაკში ვლინდება და საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი უნარებით, ინტუიციით და გონებით,” – ამბობს კინოფესტივალის ჟიური ლიკა ბაბლუანზე. ხოლო ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის თანამშრომლობას შემდეგნაირად ახასიათებს:

 

ჟიური აჯილდოვებს რეჟისორებს „იმ უზარმაზარი თანამშრომლობისთვის, რომელიც საზრიანად აკავშირებს ერთმანეთთან ბრწყინვალე საოპერატორო ნამუშევარს, შესანიშნავ სამსახიობო შესრულებას, ხმის ელემენტებს და ძლიერ ისტორიას, რომელიც ქმნის ამაღელვებელ საგას მოზარდების შესახებ და რომელიც ძალიან ძლიერ კინო-სივრცეში არის მოთხრობილი.”  

 

ფილმ „გრძელი ნათელი დღეებს” პრემიერა ჰქონდა და დაჯილდოვდა წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.  

 

„გრძელი ნათელი დღეები“  მიწვეულია კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში “მრავალფეროვნების ათი ევროპელი რეჟისორი, რომელიც უნდა ნახო.“ ყოველ წელს ჩრდილოეთ ამერიკის ცნობილი კინოჟურნალი Variety წლის საუკეთესო 10 ფილმს ირჩევს და კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოიდუსტრიის წარმომადგენლებს და ფესტივალის მაყურებელს წარუდგენს.

გრძელი ნათელი დღეების პოსტერი
გრძელი ნათელი დღეების პოსტერი

„გრძელი ნათელი დღეები“ ივლისის თვეში პარიზის კინოფესტივალზე გაემგზავრება, სადაც ფილმი საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ ვოლოგდისა და ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება.

 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა კოპროდუქციის მხარეები გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფო კულტურული ფონდები და გერმანიის და საფრანგეთის ტელევიზიების ARTE და ZDF არიან.

ფილმის „გრძელი ნათელი დღეები“ ქართული პრემიერა სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი