ხელოვნება

საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი სტუმრობს

11 ივნისი, 2013 • 1322
საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი სტუმრობს

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. სტუმრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას უკვე შეხვდნენ. გერმანელი სტუმრები საქართველოს პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც შევხდებიან.

“ვიზიტის მიზანია საქართველოში საგამომცემლო სექტორის გაცნობა, ასევე, კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებების გაგრძელდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. რამდენიმე წელია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სტუმარი ქვეყნის პროგრამა ნებისმიერ ქვეყანას საშუალებას აძლევს ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე მსოფლიოს კულტურის რუკაზე. ეს უნიკალური შანსია ნებისმიერი ქვეყნისათვის, რათა თავის კულტურა და ისტორია გააცნოს მთელ მსოფლიოს,’– ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები:

11 ივნისი: სტუმრობა საქართველოს კინოცენტრში, ვიზიტი ჯანაშიას სახელობის საქართველოს  ეროვნულ მუზეუმში, შეხვედრა გამომცემლებთან მწერლის სახლში, ვიზიტები წიგნის მაღაზიაში „სანტა ესპერანსა“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასა“ და გამომცემლობაში „პალიტრა“.

12 ივნისი:  შეხვედრა გოეთეს ინსტიტუტის დირექტორთან და გერმანიის ელჩთან საქართველოში, ასევე, გამგზავრება ყაზბეგში.

13 ივნისი:  ვიზიტი ხელნაწერთა ინსტიტუტში, შეხვედრა ქართველ მწერლებთან და მთარგმნელებთან პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ეროვნული გალერეის კოლექციის დათვალიერება, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის „ერისიონი“ სპეციალური რეპეტიციის ჩვენება, სტუმრობა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი და ვიცე–პრეზიდენტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოში 14 ივნისამდე დარჩებიან.

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2013 წლის 9–13 ოქტომბერს იმართება. მზადება წიგნის ბაზრობის გასამართად უკვე დაწყებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი