ხელოვნება

“კამიკაძე ლოჯია”– საქართველოს პავილიონი ვენეციის ბიენალეზე

31 მაისი, 2013 •
“კამიკაძე ლოჯია”– საქართველოს პავილიონი ვენეციის ბიენალეზე

ვენეციის 55–ე ბიენალეზე საქართველოს “ჯგუფი ბულიონი,” ნიკოლოზ ლუტიძე, გიო სუმბაძე, თეა ჯორჯაძე და გელა პატაშური, ეი არაკავა და სერგეი ჩერეპნინი წარადგენენ. ქართული პავილიონის კომისარი კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარია. საქართველოს პავილიონი 30 მაისს გახსნა, ბიენალეს–ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის, ოფიციალური პრეზენტაცია კი ხვალ 1 ივნისს იგეგმება.

 

ქართული პავილიონის ამოსავალი იდეა იქნება არაფორმალური არქიტექტურის შექმნა და დომინანტურ მიმდინარეობაზე უარის თქმა. ხოლო მიზანი არის თვითგამორკვევა და საბჭოთა ინფრასტრუქტურულ მემკვიდრეობაზე მიმდინარე მშენებლობების გავლენის გაცნობიერება.

 

ბიენალეზე ქართული პავილიონი “კამიკაძე ლოჯიაში” იქნება წარმოდგენილი. “კამიკაძე ლოჯია” ვენეციის არსენალის შენობის გვერდითა “პარაზიტული” მიშენებაა, რომელიც ასახავს ქართულ საცხოვრებელ კორპუსებზე ლოჯიებს მიშენების ტენდენციას. ხოლო კამიკაძე დაერქვა იმის გამო, რომ ეს სახელი წააგავს ქართული გვარების დაბოლოებას და პარალელს ავლებს “ქართველთა რომანტიკულ და თვითმკვლელ ბუნებასთან,” განმარტავენ ორგანიზატორები. “კამიკაძე ლოჯიას” მხატვარი გიო სუმბაძე ააგებს, რომელიც ამგვარ ტენდენციებს იკვლევს.

 

“პერფორმატულობის საშუალებით გამოფენა შეეცდება მიმოიხილოს ადაპტაციებში, სუბვერსიულ სტრატეგიებში, ჩრდილოვან ეკონომიკაში არსებული და გაზიარებული ცოდნის პოტენციალი; გამოიკვლიოს რეგულაციების გვერდის ავლის გზები თვით-ინიცირებული გარემოს ადგილობრივი მაგალითების გათვალისწინებით, როგორიცაა «კამიკაძე ლოჯია», «ევრორემონტი», « გალამაზება» ან საბჭოთა მემკვიდრეობის მოდიფიცირება.

 

გამოფენის გახსნის დღეებში მხატვრები სივრცეს აითვისებენ დადგმული, პერფორმატიული სიტუაციების მთელი სერიითა და ქორეოგრაფიული ჩანართებით, როგორც ლოჯიაში, ისე მის გარეთ, არსენალეში. კამიკაძე ლოჯიის გამოფენა კრიტიკულ და პროგრესულ თვალს შეავლებს უკანასკნელი 20 წლის საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ აურას, ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნებასა და არქიტექტურას ამ სივრცეში. ამდენად ის გააცნობს მნახველს იმ ქვეყნის სახელოვნებო სცენას, რომელზეც ზოგჯერ ამბობენ, რომ ეს იგივე «იტალიაა, რომელიც გამარქსისტდა,”– ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

კამიკაძე ლოჯია
კამიკაძე ლოჯია

 

ვენეციის ბიენალზე საქართველოს წარადგენენ:


ჯგუფი ბულიონი მხატვართა ჯგუფია, რომელიც 2008 წელს თბილისში დაარსდა. ჯგუფის პერფორმანსები, აქციები და არტისტული ინტერვენციები ძირითადად საზოგადოებრივ ადგილებში ხორციელდება. ისინი ასევე აწყობენ გამოფენების სერიას კერძო ბინებში. ამით ბინების როლს საბჭოთა კავშირში ეხმიანებიან – ეს იყო სივრცეები, სადაც იმართებოდა იმგვარი საზოგადოებრივი დებატები ან გამოფენები, რომლებიც ოფიციალურად არ იყო მხარდაჭერილი-გაკონტროლებული.

 

ჯგუფი მონაწილეობდა ორ სახელოვნებო პროექტში, რომლის კურატორი იყო იოანა ვარშა: ერთია ბეთლემი-მიკრო-რაიონი (2009), მეორე კი – გაყინული მომენტები. არქიტექტურა გვპასუხობს (2010). მათ ჰქონდათ გამოფენები სომხეთში AICA (2010), პოლონეთში ((MOCAK კრაკოვში და არსენალი ბიალისტოკში, 2011). გერმანიაში (GfZK ლაიპციგში, 2010) და სხვ. კამიკაძე ლოჯიის პროექტში საქართველოს პავილიონში ჯგუფი გააგრძელებს კვლევას საზოგადოებრივსა და პრივატულზე, რელიგიასა და იდეოლოგიაზე.

თეა ჯორჯაძის ობიექტები, კონსტრუქციები და ინსტალაციები ხშირად ეხმიანება არქიტექტურულ, ზოგჯერ ნაცნობ და ზოგჯერ უცნობ სტრუქტურებს. ჯორჯაძე თავისი მრავალნაწილიანი სკულპტურული ანსამბლებისთვის იყენებს ყოველდღიურ მასალებს, როგორიცაა კერამიკა, მუყაო, ტექსტილი ან თაბაშირი და მათთან ერთად ნაპოვნ ნივთებს. ის მიმართავს მყიფე და მყარი მასალების კომბინირებას, ხის ან ფოლადის კონსტრუქციებს, რომლებიც ავეჯის, მოაჯირების, მაგიდების ან წიგნის კარადების რემინისცენციებს ქმნის. მასზე ერთ-ერთ მთავარ – თუმცა არა აშკარა – გავლენას ახდენს ქართული არაფორმალური არქიტექტურა და მისი კავშირი ლანდშაფტთან. უკვე ოცი წელია, რაც ის ბერლინში ცხოვრობს. ახლახან იგი მონაწილეობდა დოკუმენტა 13-ში, გახსნა სოლო-გამოფენები მალმოს კუნსტჰალეში, კიოლნის კუნსტფერაინში, ბაზელის კუნსტჰალეში და ასპენის ხელოვნების მუზეუმში.

 

ნიკოლოზ ლუტიძეს განსაკუთრებით აინტერესებს პერფორმატიული ელემენტები არქიტექტურაში და ურბანული ქსოვილის ცვლილება საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ. 2010 წლიდან ის მუშაობს აქციების მთელს სერიაზე, რომელიც ეფუძნება ევრორემონტის კონცეფციას. ესაა ადგილობრივი ნეოლოგიზმი, რომელიც გამოხატავს ზედაპირული განახლების პროცესს ე. წ. ევროპული სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს პავილიონში კამიკაძე ლოჯიისთვის ის გააგრძელებს ამ სერიას. მისი პერფორმანსები, ერთდროულად სასაცილოცა და გონიერიც, მიზნად ისახავს შექმნას კრიტიკული დისკუსიის პირობა კომუნიზმის მემკვიდრეობასა და საბჭოთა ესთეტიკის გავლენაზე საქართველოში. ნიკოლოზ ლუტიძე არის დოკუმენტური ფილმის გამოხატვის თავისუფლების (2009) ავტორი. ეს ფილმი ნაჩვენები იყო ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრებში მთელს კავკასიაში.

გელა პატაშურის, ეი არაკავას და სერგეი ჩერეპნინის – ქართველის, იაპონელისა და ამერიკელის – თანამშრომლობა შემთხვევით დაიწყო თბილისში 2005 წელს გრანდ ოუფენინგის პერფორმანსის დროს, რომელიც იყო თბილისის პროექტის სერიის ნაწილი (tbilisi3.com). ამას მოჰყვა პატაშურის, არაკავასა და ჩერეპნინის ჯგუფური ინტერდისციპლინური პერფორმანსები, რომელიც შეიცავდა დადგმულ სიტუაციებს, ქორეოგრაფიულ ჩანართებს, პროცესზე ორიენტირებულ ხმისა და ბგერის ურთიერთქმედებებს და ერთგვარ თამაშს არქიტექტურასა და ლანდშაფტთან, როგორც მედიუმთან. მათ წარმოადგინეს თავისი პერფორმანსები უტრეხტში (Casco), ლონდონის შოურუმში, ბეტონსალონსა და ბრეტინის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში პარიზში, ისევე როგორც თბილისის პროექტში გაყინული მომენტები. არქიტექტურა გვპასუხობს (2010). ვენეციის 55-ე ბიენალესათვის ისინი გეგმავენ დადგან მუსიკალური კომპოზიცია, რომელშიც გამოყენებული იქნება ალექსი ბახნელის, მშენებლის, გელას მამის, 277 ლექსი. ეს ლექსები მან დაწერა 1978-სა და 2003 წლებს შორის. ტრიო გამოიყენებს 277 ლექსის პირველ პწკარს და შექმნის სიმღერების სერიას, რომელიც შესრულდება კამიკაძე ლოჯიასა და მის გარეთ.

გიო სუმბაძე ძირითადად მუშაობს ჯგუფთან ერთად. არის თბილისის ჯგუფის გოსლაბის წევრი და ურბანული კვლევის ლაბორატორიის (URL) დამფუძნებელი, რომელიც წარმოადგენს თბილისელი მხატვრების, არქიტექტორებისა და ფოტოგრაფების პლატფორმას. ლაბორატორია ქმნის საბჭოთა ინფრასტრუქტურის ხელახალი მოხმარების პროცესის დოკუმენტირებას და ახდენს მის დაარქივებას, სწავლობს მის ურთიერთკავშირს მარქსისტული იდეოლოგიის ეროზიასთან. ლაბორატორია ასევე ქმნის თბილისის სოციალურ საცხოვრებელთა მონაცემთა ბაზას, ძირითადად მიკრორაიონებში, უზარმაზარ თანამედროვე საცხოვრებელ გარეუბნებში, ფოკუსირდება მათ პოსტ-საბჭოთა მდგომარეობაზე. როტერდამის არქიტექტურის ბიენალესთან ერთად ლაბორატორიამ განავითარა პროექტი თბილისის ახალი რუკა, რომელიც ეხებოდა საცხოვრებლების გამალებულ მშენებლობებს თბილისში. სწორედ ამ კვლევებზე დაყრდნობით სუმბაძემ შექმნა კამიკაძე ლოჯია, როგორც ქართული პავილიონის ფორმა.

ვენეციის ბიენალე თანამედროვე ხელოვნების გამოფენაა, რომელიც იტალიის ქალაქ ვენეციაში, ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ვენეციის ბიენალეს ნაწილი არის ვენეციის კინოფესტივალი. ვენეციის ბიენალე პირველად 1895 წელს ჩატარდა. წლევანდელი ბიენალე 2013 წლის 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი