„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებლთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხადრაჭერით წელს ლონდონში თხუთმეტამდე ქართული გამომცემლობის წიგნებია წარმოდგენილი. მათ შორის: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „დიოგენე“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, „სიესტა“, „ლოგოს პრესი“, „პალიტრა L“, „ბაკმი“ და „კლიო“. გარდა ამისა, სტენდზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროსა და ,,ლიტერატურის მუზეუმის“ გამოცემებიცაა წარმოდგენილი.
წელს ლონდონის ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მრჩეველი თეონა დოლენჯაშვილი, ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი. მათი მონაწილეობით ბაზრობის ფარგლებში ბრიტანელ კოლეგებთან რამდენიმე საქმიანი შეხვედრაცაა დაგეგმილი, რომელთა მიზანიც ბრიტანულ და ქართულ გამომცემლობებსა და ავტორებს შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმების შემუშავებაა.
ბაზრობაზე ქართული გამომცემლობების მთავარი მხარდამჭერის, კულტურის სამინისტროს განცხადებით, მომავალ წელს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო უფრო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი – მეტი გამომცემლობის, თარგმანებისა და ავტორების კითხვის საღამოების სახით.
ლონდონის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად აპრილის თვეში იმართება. მას თითქმის ორმოცი წლის ისტორია აქვს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წიგნის ბაზრობად ითვლება, რომელიც ყოველწლიურად 25,000 -ზე მეტ გამომცემლობას, წიგნის გამავრცელებლებს, ბიბლიოთეკებს და მედიის წარმომადგენლებს აერთიანებს. მათი სტუმრობის მიზანი ახალი გამოცემების გავრცელება, საავტორო უფლებების შეძენა და სხვა საქმიანი ურთიერთობების დამყარებაა.
15 აპრილს გახსნილი ბაზრობა სულ 2 დღეს, 17 აპრილამდე გაგრძელდება და მას ტრადიციულად „ერლს ქორთის“ საგამოფენო ცენტრი მასპინძლობს.