
„ამ პატარა ჩანაწერებში კულინარულ რეცეპტებს ვერ იპოვით, მაპატიეთ. დღეს ადამიან-რეცეპტებზე მინდა მოგიყვეთ,“ – წერს დიანა ანფიმიადი თავის ახალ წიგნში „პირადი კულინარია“, რომელშიც მოგონებებს, გემოებსა და კერძებს, პირადად ავტორის, ავტორის თაობის და გუშინდელი საქართველოს ისტორია ახლავს.
წიგნში ახლობლების, ლიტერატურული პერსონაჟებისა და იმ ადამიანის სახეებს ვხვდებით პერიოდულად, ვინც ავტორის ცხოვრებაში მხოლოდ გაიელვეს, თუმცა კვალი თუ არა, უცნაური გემო მაინც დიდი ხნით დატოვეს. ამ ადამიანებთან დაკავშირებით ავტორი იგონებს ისტორიებს, რომლებიც თავისთავად კავშირშია, როგორც მის ცხოვრებისულ გამოცდილებასთან, ასევე, იმ წარსულ განცდებთან, რომლებიც მას გემოების მიხედვით დაამახსოვრდა.
ეს წიგნი უფრო ცხოვრებისულ რეცეპტებზე, ადამიანებისა და სიცოცხლის სიყვარულზეა. საქართველოს – ახლობელი სამშობლოსა – და საბერძნეთის – შორეული სამშობლოს სიყვარულზე, მათ შესახებ გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ წარმოდგენებზე.
წიგნის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს დიანა ანფიმიადი წიგნში არსებული რამდენიმე რეცეპტის მიხედვით კერძებს მოუმზადებს. პარალელურად ავტორი ისაუბრებს ახალი წიგნის პერსონაჟებსა და მათ ისტორიებზე, რომლებიც ამ ადამიან-რეცეპტებს უკავშირდება.







