ხელოვნება

როგორ უნდა იქცეს კულტურა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად

9 ოქტომბერი, 2012 • • 1595
როგორ უნდა იქცეს კულტურა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად

ევროკომისიისა და ევროკავშირის დაფინანსებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში კულტურული პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მიზანია კულტურული სექტორის როლის გაძლიერება და კულტურისთვის, როგორც რეფორმების ხელშემწყობი ძალის და ტოლერანტობისა და სოციალური ერთობის პოპულარიზაციის მექანიზმისთვის, უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭება. 

 

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 15 პროექტი. პროგრამა 2011 წელს დაიწყო და 4 წლის განმავლობაში გასტანს. 8-9 ოქტომბერს თბილისმა აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველ რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა. 15 პროექტიდან 2 პროექტში საქართველო მთავარი პარტნიორია. 12 პროექტში კი ჩართულია, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი ქვეყანა. 

 

პროგრამას 4 ძირითადი მიზანი აქვს. პირველი და მთავარი მიზანი წევრი სახელმწიფოების დახმარებას გულისხმობს კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში. შეხვედრას უნდა დასწრებოდა კულტურის მინისტრი ნიკა რურუაც, თუმცა პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ რიგი პოლიტიკური მოვლენების გამო რურუა კონფერენციას არ ესწრება. საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის ანანო ასათიანის განცხადებით კი, ჯერ საქართველოს არ აქვს შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც ქვეყნის კულტურის პოლიტიკაა დეკლარირებული:

 

“ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელშიც გამოიკვეთა კულტურის სფეროში არსებული მიღწევები და ხარვეზები, ეს რეპორტი აიტვირთება საიტზე და ის უკუკავშირი, რომელიც მივიღეთ, გადაგზავნილია, დამუშავების პროცესშია და ეს დოკუმენტია კულტურული პოლიტიკის შემუშავების საწყისი ეტაპი. კულტურის სამინისტრო აქტიურად დაიწყებს დიალოგს სამოქლაქო სექტორთან”,- განაცხადა ანანო ასათიანმა.

 

პროგრამის დანარჩენ მიზნებს წარმოადგენს კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროფესიონალიზმის ამაღლება, ადამიანებს შორის ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება, ევროკავშირთან ურთიერთობის გაცვლა და კულტურის როლის გაზრდა ეკონომიკური კეთილდღეობის საკითხში. 

 

რაც შეეხება ორ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველო მთავარი პარტნიორია, ერთ-ერთი პროექტია “შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში”. პროექტის დირექტორის მაკა დვალიშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია, კულტურა ეკონომიკურად მომგებიან პროდუქტად იქცეს:

 

“ჩვენი აქცენტია ტრადიციული რეწვა, რომელიც ვითარდება, თუმცა ეკონომიკურად მომგებიანი არაა, ეს სფერო უნდა გახდეს მარკეტაბელური, რაც გულისხმობს დასაქმებას, ბაზარზე გასვლას. მეორე მიმართულება კი შენარჩუნებაა, რომ რეწვის კულტურა  ინსტიტუციონალურად უნდა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს”.

 

მეორე პროექტის,  “რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის” ამოცანებია– კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის განვითარება, ინტერესთა ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების სფეროში მემკვიდრეობის როლის გაზრდის მიზნით რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება, დადაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის მხარდაჭერა:

 

“ამ ეტაპზე  სემინარები ტარდება მოსწავლეებთან სომხეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, რათა, როცა ისინი გაიზრდებიან, შოკში არ ჩავარდნენ, გალამაზებული ფასადის შესახებ როცა ეტყვიან,  რომ ფასი არ აქვს და ღირებული იყო ის, რაც მანამდე გვქონდა და მხრები არ აიჩეჩონ. ასეთივე მუშაობა საქართელოში მომავალ წელს ჩტარდება. “-განაცხადა ნატო ცინცაბაძემ, პროექტის კოორდინატორმა. 

 

 თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველო რეგიონალური კონფერენცია დღეს დასრულდა, კონფერენციას ევროკომისიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის რეგიონალური მონიტორინგისა და ძირითადი ბირთვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი