ხელოვნება

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ‘თოჯინების მუზეუმის’ ადგილზე

4 სექტემბერი, 2012 •
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ‘თოჯინების მუზეუმის’ ადგილზე

“თოჯინების მუზეუმის” შენობა, რომელიც შავთელის #17ა–შია განთავსებული, ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს.

შენობის მფლობელი თორნიკე ქებურია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მისი თანაშემწის დავით შველიძის განცხადებით, სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო, ძველი შენობის ადგილზე სრულიად ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.

1990-ან წლებში მუზეუმი გაიძარცვა და დაიკარგა რამდენიმე ძვირფასი ექსპონატი, რის შემდეგაც მუზეუმი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა. ძველი შენობის რეაბილიტაცია თბილისის მერიის ინიციატივით 2008 წელს განხორციელდა, მიუხედავად ამისა, დავით შველიძის განცხადებით, ის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა:

“ის შენობა, რაც იქ იდგა, ვერ აკმაყოფილებდა ვერანაირ მოთხოვნებს, იმისათვის, რომ იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარებულიყო, ამ ადგილზე ახლა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის შენობა აშენდება. რა ბრენდი იქნება, ქართული სასტუმრო იქნება თუ უცხოური, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან შენობის დასრულებას რამდენიმე წელი დაჭირდება”, – აცხადებს დავით შველიძე.

შენობის ფართობი 1640 კვადრატულ მეტრს მოიცავს, აქ მუზეუმის გარდა, ბავშვთა ხელოვნების სტუდიაც იყო განთავსებული.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ხელოვნების სტუდია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გადაინაცვლებს, თოჯინების მუზეუმი კი განახლებულ აღმაშენებელზე. აქვე განთავსდება სამკითხველო დარბაზი-ლექტორიუმი, სუვენირების სალონი და კაფე:

“უკვე დაახლოებით ერთი კვირაა მიმდინარეობს ექსპონატების ახალ შენობაში გადატანა, ახლა მუზეუმი აღმაშენებლის გამზირზე იქნება და ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას, ყველა გამოფენა, იქნება ეს მუდმივმოქმედი თუ დროებითი, ახალ შენობაში გაიმართება”, – აცხადებს თოჯინების მუზეუმის დირექტორი ნანა ოქუაშვილი.

მუდმივი გამოფენების გარდა, აქ ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრების, ილუსტრაციების, ინსტალაციების და ფოტო გამოფენები ეწყობოდა.

მუზეუმში სულ 2355 ექსპონატია დაცული, მათ შორის მექანიკური (ევროპული და ქართული) თოჯინების უნიკალური კოლექცია, საავტორო თოჯინები, აგრეთვე, ანტიკვარული ავეჯი, წიგნები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნაქარგობების იშვითი კოლექცია და სხვა. ყველა ექსპონატი ამჟამად ახალ შენობაშია გადატანილი.

ახალი შენობის აგება, რომელსაც კომპანია “კოლხა 07” ახორციელებს, 2013 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი