ხელოვნება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალამდე 2 დღე რჩება

22 მაისი, 2012 • 1884
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალამდე 2 დღე რჩება

გამომცემლობები მკითხველს სხვადასხვა ფასდაკლებებს და აქციებს სთავაზობენ. ფესტივალის განმავლობაში შედგება წიგნების პრეზენტაციები და გაიცემა საჩუქრები.

გამომცემლობა დიოგენე 50%–იან ფასდაკლების აქციას აგრძელებს:

“ფასდაკლება ყველა წიგნზე გავრცელდება და საკმაოდ მიმზიდველი იქნება მკითხველებისთვის. გარდა ამისა გვაქვს ძალიან ბევრი აქსესუარი, ეს არის მაისურები, ფინჯნები და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა აქსესუარები, რომლებიც გარკვეული წიგნის ყიდვის შემდეგ საჩუქრად გადაეცემათ ჩვენს კლიენტებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სასმელი წყლის კომპანია “სნოსთან” და ჩვენს სტენდთან მოსული მყიდველისთვის წყალი უფასო იქნება, ამით ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევუქმნათ მკითხველს”, – აცხადებს “დიოგენეს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო კუსრაშვილი.

“დიოგენე” მკითხველს სერია “დიოგენეს ბიბლიოთეკაში” შესული წიგნების ყიდვას ურჩევს. სერია ახალი ავტორების თარგმანებისგან შედგება:

“წიგნების ამ სერიაში ძალიან საინტერესო ავტორების ნაწარმოებები შედის, რომლებიც ქართულ ენაზე დაიბეჭდა, ვფიქრობ, მკითხველმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას”, – ამბობს ნინო კუსრაშვილი.

დამთვალიერებლისთვის  სანახაობას გეგმავს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.

“ლიტერატურა გურმანებისთვის”– ასე ქვია პროექტს, რომელსაც სულაკაურის გამომცემლობა პირველად განახორციელებს:

“წელს გამომცემლობა საავტორო სტენდით წარდგება მკითხველის წინაშე. სტენდის სცენაზე ყოველდღიურად ჩვენ გვექნება შეხვედრები იმ ავტორებთან, რომლებიც შარშანდელი ფესტივალიდან წლევანდელ ფესტივალამდე გამოვეცით. ამ შეხვედრებს შემდეგი ფორმატი ექნება, ერთი მწერალი და ერთი მოდერატორი წიგნზე ისაუბრებენ და პარალელურად მოამზადებენ კერძს, რომლითაც ბოლოს მსმენელს და მაყურებელს გაუმასპინძლდებიან. პროექტს “ლიტერატურა გურმანებისთვის” დავარქვით და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება დასწრებაც და მწერლების მიერ მომზადებული მარტივი კერძების დაგემოვნებაც”, – აცხადებს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი ნინო ნადიბაიძე.

ზუმის წევრები “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან” 20%–იან ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო გამომცემლობის სერიებზე, მათ შორის, საყმაწვილო და საბავშვო კლასიკაზე, ასევე კლასიკური წმერლობის ტომებზე მყიდველს 80%–იანი ფასდაკლება ექნება:

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მკითხველს ურჩევს, შეიძინონ ლაშა იმედაშვილის “თბილისური ამბავი” , რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის გამოვა გაყიდვაში, ახლა წიგნი ბეჭდვის პროცესშია. წიგნის პრეზენტაცია 27 მაისს შედგება. გარდა ამისა, 25–ში, 3 საათზე ფესტივალის სცენაზე გაიმართება 15 საუკეთესო ქართული მოთხრობის დაჯილდოება და სამი ლაურეატი ფულად პრემიას მიიღებს, თავის რჩეულებს სხვადასხვა კომპანიებიც გამოავლენენ”, – აცხადებს ნინო ნადიბაიძე.

მანამდე, სანამ მშობლები წიგნების საყიდლად სხვადასხვა სტენდს მოინახულებენ, შვილების გართობაზე გამომცემლობა “ლოგოს პრესი” იზრუნებს:

“სიურპრიზი გვაქვს ჩვენი პატარა მკითხველებისთვის, კერძოდ, გამომცემლობას ეყოლება ანიმატორი, რომელიც ბავშვების გართობაზე იზრუნებს, მოეწყობა ხატვისა და სხვადასხვა კონკურსები. მშობლებს შეეძლებათ ბავშვები დატოვონ, დაათვალიერონ წიგნები”, – ამბობს “ლოგოს პრესის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ თევდორაშვილი.

“ლოგოს პრესი” მშობლებს ურჩევს, თავიანთი შვილებისთვის მრავალჯერადი სტიკერებიანი წიგნები შეიძინონ. გამომცემლობაში აცხადებენ, რომ ერთ–ერთი საინტერესო წიგნია “ტიტანიკი”, რომელიც ტიტანიკის ჩაძირვიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოვიდა, ასევე, წიგნი “არისტოფანეს კომედიები”.

ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო აქციას კი წიგნის ფესტივალზე “პალიტრა ელი” გეგმავს.

“გვეყოფა ტყეების განადგურება, ჩვენ საკმარისი ძველი წიგნები გვაქვს”, “განაახლე შენი თარო და შეინარჩუნე გარემო”– ამ ფრაზებით გამომცემლობა მკითხველს მაკულატურის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

გამომცემლობა ნებისმიერი სახის მაკულატურის სანაცვლოდ მკითხველს ახალ წიგნებს შესთავაზებს. 5კგ მაკულატურა ერთ ახალ წიგნს უდრის, თუმცა ნებისმიერი რაოდენობის მაკულატურის სანაცვლოდ მკითხველი “ნერგი” ბარათის მფლობელი გახდება, რომელსაც შესაბამის წიგნში გადაცვლის. “ნერგი” ბარათის განაღდება ფესტივალის მიმდინარეობის ნებისმიერ დღეს იქნება შესაძლებელი.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ექსპო ჯორჯიას პავილიონი 24–დან 27 მაისის ჩათვლით 11სთ–დან 19:30სთ–მდე იქნება ღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი