“ეს არ არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ეს არის ზურაბ წერეთლის მუზეუმი”, – ასე შეაფასა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ თბილისში ახლადგახსნილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.
მუზეუმი რუსთაველის #27–ში, ყოფილი კადეტთა კორპუსის შენობაში მდებარეობს. შენობის რეკონსტრუქცია და რესტავრაცია ზურაბ წერეთლის ხელმძღვანელობით 2005 წლიდან დაიწყო. შენობაში საგამოფენო ფართისთვის 3 000 კვადრატული მეტრი გამოიყო.
საგამოფენო სივრცე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, რუსეთისა და საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის, ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენით გაიხსნა.
მუზეუმში 300–ზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი. საგამოფენო სივრცეში შედის ეზოც, სადაც განთავსებულია მონუმენტი “ვაშლი”, რომელიც მოსკოვში არსებული მონუმენტის გამეორებაა, თუმცა, როგორც ხელოვნებათმცოდნე მაგდა გურული აღნიშნავს, “მოსკოვის “ვაშლი” უფრო დიდია, შიგნით კი უფრო წინააღმდეგობრივი რელიეფებით”.
მაგდა გურული თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნას მიესალმება, თუმცა არა – ზურაბ წერეთლის ნამუშევრებით:
“ეს არ არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ეს ნამუშევრები დღეს იქმნება ცოცხალი მხატვრის მიერ, სხვა ნიშნით ეს არანაირად არ არის თანამედროვე ხელოვნება. მე იმედი მაქვს, რომ იქ არა მარტო ზურაბ წერეთლის შემოქმედებასთან დაკავშირებული, არამედ სხვა ნამუშევრებიც გამოიფინება. იმედია, ხანდახან მაინც დაუთმობს სივრცეს მუზეუმი თანამედროვე მხატვრებს”, – განაცხადა მაგდა გურულმა.
როგორც მუზეუმში განგვიცხადეს, ზურაბ წერეთლის დახმარებით და მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პატრონაჟით, საერთაშორისო საგამოფენო პროექტები, მასტერკლასები და სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ეს შორეული პერსპექტივაა:
“ჯერ მხოლოდ ზურაბ წერეთლის ნამუშევრები იქნება გამოფენილი, მუზეუმში შესვლაც უფასოა, თუმცა მომავალში, როცა სხვა გამოფენებიც მოეწყობა, შესვლა ფასიანი გახდება”, – განაცხადა მუზეუმის ერთ–ერთმა თანამშრომელმა.
როგორც მუზეუმის მთავარი მენეჯერი, ანა ოქიტაშვილი აცხადებს: “ჯერ მუზეუმში სულ რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს და ყველა ზურაბ წერეთლის ახლობელია”.
საგამოფენო სივრცე შენობის მესამე სართულზე ზურაბ წერეთლის ცხოვრების ამსახველ ფოტო–გამოფენას ეძღვნება, სადაც ის სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან, სასულიერო პირებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთადაა დაფიქსირებული, ამავე სართულზეა განთავსებული პატარა ოთახი, სადაც ზურაბ წერეთლის ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას უჩვენებენ.
მაგდა გურული თვლის, რომ უკეთესი იქნება, თუ ამხელა საგამოფენო სივრცე მხოლოდ ზურაბ წერეთელს არ დაეთმობა:
“დასანანი იქნება, თუკი მუზეუმის ფუნქცია მხოლოდ ზურაბ წერეთის ნამუშევრების გამოფენით შემოიფარგლება, მივესალმები, თუკი მუზეუმი ჩაებმება დღევანდელ არტ–პროცესებში”, – განაცხადა მაგდა გურულმა.
ორი დღეში, მას შემდეგ, რაც ზურაბ წერეთელი რუსეთის მერის, სერგეი სობიანინის გადაწყვეტილებით, მერიაში დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს, ის თბილისში ჩამოფრინდა და 29 თებერვალს საგამოფენო სივრცე მიხეილ სააკაშვილთან და ქალაქ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, ერთად გახსნა:
“მე მადლობელი ვარ ბატონი ზურაბის, მან თავიდან ბოლომდე ეს თვითონ გააკეთა და დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ ყველა ქართველის საბოლოო ნავსაყუდელი, საბოლოო ადგილი, სადაც დააფასებენ მათ, საბოლოო დანიშნულების პუნქტი მაინც არის მათი სამშობლო, საქართველო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მუზეუმის გახსნისას. მან ყველა სხვა ქართველს, ვინც რუსეთში და სხვა ქვეყნებში იმყოფება, საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა, თუმცა ზურაბ წერეთელი საქართველოში დიდხანს არ დარჩენილა. ანა ოქიტაშვილის განცხადებით, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, მხატვარს პრესასთან ურთიერთობაშიც ეხმარება, ზურაბ წერეთელმა საქართველო იმავე დღეს დატოვა და მოსკოვში გაფრინდა:
“ჩვენთვის უცნობია, როდის დაბრუნდება უკან, ყოველთვის მოულოდნელად ბრუნდება და მოულოდნელადვე მიფრინავს”, – განაცხადა ოქიტაშვილმა.
მოქანდაკე, მხატვარი და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი რუსეთში საცხოვრებლად 1989 წელს გადავიდა. მისი ნამუშევრები, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დგას, გარემოსთან არაპროპორციულობის გამო, ხშირად საზოგადოების მწვავე კრიტიკას იმსახურებს. მისი ერთ–ერთი ქანდაკების, პეტრე I–ის მონუმენტის მოსკოვში დადგმამ საზოგადოებაში იმდენად დიდი აგრესია გამოიწვია, რომ მისი აფეთქებაც კი სცადეს.
ამჟამად თბილისში ზურაბ წერეთლის რამდენიმე სკულპტურა დგას, მათ შორის, წმინდა გიორგის ქანდაკება თავისუფლების მოედანზე და კინოფილმ “მიმინოს” პერსონაჟების ძეგლი, რომელიც გასული წლის 14 ოქტომბერს გაიხსნა.
ბოლო პერიოდში წერეთელმა თბილისში სხვა ნამუშევრებიც ჩამოიტანა, მათ შორის საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ძეგლი.
ამავე თემაზე:
წერეთელი: პატივს ვცემ პატრიარქს და ამიტომ გადავწყვიტე მისი ძეგლის შექმნა
“მიმინოს” ძეგლი თბილისში-STOP ზურა[VIDEO]
“მიმინოს” ძეგლი საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნება
წერეთლის “მიმინო” – საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?
ზურაბ წერეთელი – სიურპრიზი მთავრობისგან
საქართველოს პატრიარქის ძეგლი თბილისშია