ხელოვნება

ქეთი დოლიძე: “ჩვენ არ ვწყვეტთ კავშირს ბიძინა ივანიშვილთან”

27 დეკემბერი, 2011 • 2368
ქეთი დოლიძე: “ჩვენ არ ვწყვეტთ კავშირს ბიძინა ივანიშვილთან”

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეატრები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაფინანსებაზე უარს ამბობენ, ჯერჯერობით მხოლოდ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაადასტურეს, მსახიობების ნაწილი კი  დაფინანსებაზე უარის თქმას არ აპირებს.

26 დეკემბერს  “თეატრის მოღვაწეთა კავშირში” ამ თემაზე გადაწყვეტილების მისაღებად სხვადასხვა თეატრის 60–მდე მსახიობი შეიკრიბა.

როგორც რეჟისორი და მსახიობი ქეთი დოლიძე აცხადებს, მათ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს:

“დღეს პრაქტიკულად ყველა ქართული თეატრის წარმომადგენელი შევიკრიბეთ და ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ ვწყვეტთ კავშირს ბიძინა ივანიშვილთან. შეკრება შედგა სპეციალურად ამ საკითხის განსახილველად, აქ ლაპარაკი იყო იმაზე, დავრჩებით ზნეობის ფარგლებში, თუ ყველანი უზნეობას მოვაწერთ ხელს. ჩემი კოლეგების 80%–მა თქვა, რომ ჩვენი მხრიდან უარის თქმა და ამ ადამიანის მიმართ ზურგის შექცევა უზნეობა იქნებოდა.”

როგორც ქეთი დოლიძემ განაცხადა, ეს არ ყოფილა მხოლოდ 60 მსახიობის გადაწყვეტილება, იყვნენ ისინიც, ვინც რეპეტიციის გამო შეკრებაზე მისვლა ვერ მოახერხა. მისივე განცხადებით, შეხვედრას თეატრების მმართველები არ დასწრებიან.

განცხადება იმის შესახებ, რომ თეატრები ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას აღარ აიღებენ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა. “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება თეატრის მმართველებმა დამოუკიდებლად მიიღეს:

“თეატრის მმართველებმა გადაწყვიტეს, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არ აღმოჩენილიყვნენ ჩათრეულნი და თავისი არტისტული დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ, უარი ეთქვათ ბატონი ივანიშვილის ფონდის დაფინანსებაზე, ეს მათი გადაწყვეტილებაა და არავის დაუძალებია”, – განაცხადა ნიკა რურუამ ინტერვიუში.

ნიკა რურუას ქეთი დოლიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, თეატრების მმართველებს ივანიშვილის დახმარებაზე უარის თქმას რომ აიძულებენ და ამის სანაცვლოდ ხელფასების 20%–ით ზრდას ჰპირდებიან,  ნიკა რურუამ ამ განცხადებას ტყუილი უწოდა, რაზეც საპასუხოდ ვრცელი წერილი მიიღო.

წერილი რეჟისორმა ქეთი დოლიძემ პირად facebook გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ის ამბობს, სოციალური ქსელი განცხადების გასავრცელებლად იმიტომ აირჩია, რომ უნდოდა,  წერილი ფართო მასებისთვის და არა მხოლოდ კულტურის მინისტრის სამდივნოსთვის ყოფილიყო მისაწვდომი.

“თქვენ, თქვენს გუნდთან ერთად ჩემი დასჯა გადაწყვიტეთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. თქვენ გამათავისუფლეთ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობისგან და იცრუეთ, ბატონო მინისტრო, რომ მე სეზონი ჩავაგდე. სახელითაც კი აღარ მომიხსენიებთ და გუშინ უკვე ბრძანეთ რომ „ეს ქალბატონი ცრუობს!“ ახლა მე გეუბნებით, რომ ცხოვრებაში არასდროს მიცრუია. ცრუობთ თქვენ!!!”, – მიმართავს განცხადებაში კულტურის მინისტრს ქეთი დოლიძე- “მაგრამ ის იდეოლოგია, რომელსაც თქვენ ემსახურებით, ყველაფერს ამართლებს: გირგვლიანის სიკვდილსაც, ბიჭების ჩახოცვასაც, უამრავ პატიმარს, უსამართლობას, დაშინებას…”

ქეთი დოლიძის განცხადებით, სახელმწიფოს უნდა, მის მიერ დანიშნულ მმართველებს ის გააკეთებინოს, რაც თავად სურს და ძალით ათქმევინოს უარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაფინანსებაზე.

ივანიშვილი
ივანიშვილი

როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი ნონა ყანდიაშვილი აცხადებს, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე თეატრს ან მსახიობს დაფინანსებაზე უარი ეთქვას, ჯერჯერობით მათ არ გააჩნიათ. მათი ინფორმაციით,  დაფინანსება ჩვეულებრივად გრძელდება.

“ნეტგაზეთი” თეატრების მმართველებისგან და მსახიობების ნაწილისგან ამ თემაზე კომენტარების მიღებას ამაოდ ცდილობდა.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო, გამოქვეყნდა მსახიობების და თეატრების სია, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ ქართველი მილიარდერისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი