ხელოვნება

14,5 მილიონი ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის რეაბილიტაციისთვის

28 მაისი, 2016 •
14,5 მილიონი  ვანის არქეოლოგიური  მუზეუმისა და ნაქალაქარის რეაბილიტაციისთვის

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ძველი შენობის დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილას  ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოთხსართულიანი შენობა დაიკავებს.

ამ ინფორმაციას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მუზეუმის ახალი შენობისა და  მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის 14,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხის 80% მსოფლიო ბანკმა გამოყო, 20% კი- სახელმწიფომ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის და მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე,  მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  მუზეუმის ძველი შენობის დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილს ახალი, თანამედროვე სტანდარტების 4-სართულიანი შენობა დაიკავებს, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის.  მოეწყობა ავტოპარკი, მცირე  ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელს.  

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების  (კარიბჭის,  მოზაიკური ტაძრის,  მრგვალი ტაძრის;  სამლოცველოს ზედა ტერასის,  ბავშვის სამარხის ზედა ტერასის) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში უნდა შეკეთდეს ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს. იგეგმება საინფორმაციო სტენდების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები 28 ივნისს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ კულტურის მინისტრთან და  მსოფლიო ბანკის მისიის დირექტორთან  დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოების დასრულებას 2018 წლის დასაწყისში გეგმავს.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ – ნაკრძალი 1981 წელს შეიქმნა, მუზეუმი კი 1985 წელს გაიხსნა.  მუზეუმი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქ ვანის განაპირას არსებულ ბუნებრივ ბორცვზე, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს.

2006 წლიდან ვანის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შევიდა.

მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენელი კომპონენტებია: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და, თავად, მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი.

მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII-დან I ს-ის ჩათვლით.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანისა და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. მეცნიერების აზრით, ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი