ხელოვნება

“ეს სიტუაცია”

1 ნოემბერი, 2011 • 1328
“ეს სიტუაცია”

ტინო სეგალი
ტინო სეგალი

ღია დარბაზი, მაყურებლები კედლებთან დგანან, ან ძირს სხედან, მონაწილეები კი პერფორმანსზე შემომსვლელებს ამ სიტყვებით ესალმებიან: ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სიტუაციაში” (welcome to this situation).

გერმანელი არტისტის, ტინო ზეგალის პერფორმანსს ”ეს სიტუაცია” დღეს გოეთეს ინსტიტუტმა უმასპინძლა.
პერფორმანსს 6 ძირითადი და 2 დამატებითი მონაწილე ჰყავს, ისინი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან და ისეთ თემებზე საუბრობენ, როგორიცაა: გლობალიზაცია, ტექნოლოგიები, დასავლური და აღმოსავლური კულტურა, გენდერული თანასწორობა და ა.შ. საუბართან ერთად, მონაწილეები მოძრაობენ და დარბაზის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილდებიან. რითმულად მშვიდ დისკუსიაში ჩართვა მაყურებლებსაც შეუძლიათ.
ღონისძიებაზე ფოტოს და ვიდეოს გადაღება აკრძალულია.

პერფორმანსის ერთ-ერთი მონაწილე შოთა დიღმელაშვილია. მან არ იცის, თუ რა კრიტერიუმებით მოხვდა იმ ადამიანების სიაში, ვისაც მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს მხრიდან: ”მე დამიკავშირდა მისი წარმომადგენელი ლუისი, რომელიც ამ პერფორმანსის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის და მონაწილეებს აგროვებს. რა კრიტერიუმებით არჩევენ ხალხს, არ ვიცი, მაგრამ, როგორც ვიცი,  ავტორს არტისტების ჩართვა არ უყვარს და არც ის უნდა, რომ პერფორმანსის დროს არტზე ვისაუბროთ, სხვამ უნდა ილაპარაკოს ამის შესახებ ოთახს გარეთ და არა –   მონაწილეებმა ოთახში.”

თავად ლუისი პერფორმანსის მუდმივი წევრია, მონაწილეებს შორის იყვნენ: ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი და ქართველი წარმომადგენლები. საქართველოდან – ელენე ფასური, ოთარ ყარალაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და შოთა დიღმელაშვილი.

”ტინო სეგალი არის არტისტი, რომელიც სცენიდან სცენის დანგრევას ცდილობს. უკიდურესი მემარცხენეა და არ უნდა, რომ არტი ჩააბას კაპიტალიზმის ფერხულში, ამიტომ თავისი ხელოვნებისთვის არ იყენებს არც ერთ მედიუმს და არც ჟურნალისტებს აღებინებს ფოტოებს ან ვიდეოებს, რაც შემდეგ შეიძლება არტეფაქტად იქცეს,” – ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

დარბაზში დიალოგი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

შვეიცარელი ფრენცის ბელსერი ერთ-ერთია იმათგან, ვინც პერფორმანსის სანახავად მოვიდა და სპონტანურად პერფორმანსის მონაწილე გახდა: ”ჩემი ჩართვა საუბარში სპონტანური იყო. ასეთი პერფორმანსის ჩატარება, ჩემი აზრით, აუცილებელია. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ კარგად გესმოდეს ინგლისური ენა. რომ დავაკვირდეთ მონაწილეების მოძრაობას, ის ემთხვევა მათ საუბარს, ამიტომ ეს ყველაფერი ერთიანობაში უნდა აღიქვა. ძალიან კარგია აუდიტორიის ჩართულობის ფაქტი, ხალხში არსებობს იმის მოთხოვნილება, რომ მათი აზრი გაიზიარონ”.

გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლის სტეფან ვაკვიცის შეფასებით, ტინო ზეგალი ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი და მნიშვნელოვანი თანამედროვე არტისტია: ”ეს არის მოძრავი ინსტალაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. ჩემი აზრით, უმეტესად გლობალიზაციის პრობლემებს ეხმიანება, თუმცა, ასევე,  საერთაშორისო ეკონომიკას, ტექნოლოგიებს და ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ადამიანზე. სამი საერთაშორისო მონაწილეა, რომელიც პერფორმანსს დაყვება, მაგრამ ნაწილი ადამიანებისა არიან იმ ქვეყნიდან, სადაც პერფორმანსი იმართება, აქედან გამომდინარე, ის თემები, რაზეც მონაწილეები საუბრობენ,  ცოტათი იცვლება. მაგრამ არის თემები, რაც ყველა ქვეყანაში საერთოა, რადგან ამ თემებზე საუბარი ყველგან ერთნაირად აქტუალურია. მოხარული ვართ, რომ პერფორმანსს გოეთეს ინსტიტუტი მასპინძლობს”.

ინსტალაციას ავტორი არ დაყვება, ის ჩაკეტილია და თვითმფრინავში არასოდეს ჯდება. პერფორმანსი კი, რომელიც 4 საათს გრძელდება, მოგზაურობას განაგრძობს, პირველად ბელგრადში ჩატარდა, შემდეგ ანკარაში, ახლა თბილისშია, შემდეგ ირანში, თეირანში და ბოლოს ინდოეთში ჩავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი