ბულგარეთში, თოჯინების მე-15-ე საერთაშორისო ფესტივალ “ოქროს დელფინზე”, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა გრანპრი მოიპოვა.
აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალზე ზურაბ ცინცაძის სპექტაკლი “არგონავტები” ორიგინალური მუსიკისთვის დააჯილდოვეს.
ამ ნომინაციისთვის მთავარი ჯილდო სპექტაკლს ერთხელ უკვე მიღებული აქვს 2009 წელს უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში, გამართულ თოჯინების მე–6 საერთაშორისო ფესტივალზე.
ფესტივალი “ოქროს დელფინი” კი 1972 წელს დაარსდა და სამ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველო მაშინ პირველად მონაწილეობდა. ფესტივალი ორგანიზებულია ბულგარეთის კულტურის სამინისტროს, ქალაქ ვარნის მუნიციპალიტეტის და ვარნის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მიერ. წელს სულ 10 ქვეყნის 21 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი.
ქალაქ ვარნაში ქართული დასი 19– კაციანი შემადგენლობით იმყოფებოდა.




