ხელოვნება

რუსულად დუბლირებული ფილმების ჩვენებისთვის დაუსჯელი კინოთეატრები

29 სექტემბერი, 2011 • 2895
რუსულად დუბლირებული ფილმების ჩვენებისთვის დაუსჯელი კინოთეატრები

საქართველოს კინოთეატრებში რუსულ ენაზე დუბლირებულ ფილმებს კანონდარღვევით აჩვენებენ, თუმცა კულტურის სამინისტროს არც ერთი მათგანის მიმართ არ გამოუყენებია შესაბამისი სანქცია.

საქართველოში მოქმედი კინოთეატრები 2011 წლის 1 იანვრიდან ვალდებულნი არიან, ფილმი წაროებულ ენაზე ქართული სუბტიტრებით ან ქართულ ენაზე დუბლირებით გაუშვან. ეს ვალდებულება მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა.

ცვლილების შესაბამისად, “ფილმის (მათ შორის, დოკუმენტურისა და ანიმაციურის) კინოდარბაზში ჩვენება პირველადი წარმოების ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, სავალდებულო სუბტიტრების ან გახმოვანების პირობის დაუცველად, ანდა ფილმის არაპირველადი წარმოების ენაზე ჩვენება”, ითვალისწინებს ფილმის დემონსტრატორის (ამ შემთხვევაში კინოთეატრის) სანქცირებას, კერძოდ, ჯარიმის დაკისრებას.

”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ფილმის არაპირველადი წარმოების ენაზე  ჩვენებაც კი, თუნდაც ქართული სუბტიტრების თანხლებით, დაჯარიმებას იწვევს,”- განმარტავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ნათია კაპანაძე.

კანონით გათვალისწინებულია ჯარიმის ოდენობაც: დარღვევის პირველად დაფიქსირების შემთხვევაში, კინოთეატრი 1 500 ლარით ჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 3 000 ლარით, ხოლო მესამედ ან მეტჯერ დაფიქსირებისას – 10 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან უფლებამოსილი პირების პრეროგატივაა, რომლებიც ვალდებულნი არიან, განახორციელონ კინოთეატრების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შეადგინონ ოქმი, ხოლო შემდეგ მიმართონ შესაბამის რაიონულ სასამართლოს.

კულტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი თემურ ჩიხრაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სამინისტროს გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც კინოთეატრების მონიტორინგს ახორციელებს:

”მონიტორინგისას ჩვენმა უფლებამოსილმა პირმა დარღვევა ვერ აღმოაჩინა, კინოთეატრებში ფილმებს ორიგინალ ენაზე და ქართული სუბტიტრებით, ან ქართულ ენაზე გახმოვანებით აჩვენებენ”, – ირწმუნება ჩიხრაძე.

თუმცა, იმ ფაქტს, რომ კინოთეატრებში ფილმები უმეტეს შემთხვევაში არ გადის ქართული სუბტიტრებით, ან ქართულ ენაზე გახმოვანებით, თბილისის კინოთეატრების ადმინისტრაციაშიც კი არ მალავენ.

კინოთეატრ “რუსთაველსა” და “ამირანში” ერთ–ერთი ბოლო საპრემიერო ფილმი – ალმოდოვარის “კანი, რომელშიც მე ვცხოვრობ” რუსულ ენაზე გახმოვანებით გადის.

”რუსთაველისა” და ”ამირანის” მარკეტინგის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სუბტიტრებით ნაჩვენებ ფილმებს მაყურებელი საერთოდ არ ჰყავს:

”მსოფლიოში სუბტიტრები არ ამართლებს, მაყურებელი უკმაყოფილოა, კინო კი  ბიზნესია”, – აცხადებს მარკეტინიგის სამსახურის წარმომადგენელი.

კინოთეატრში ფილმების სუბტიტრებით ჩვენების წინააღმდეგია სტუდენტი ზვიად ბარქაია:

”ჩემი ქვეყნის სურვილი მესმის, რომ უნდათ ინგლისური ენა წინ წამოწიონ, მაგრამ ზედმეტადაც  ნუ მოინდომებენ. კადრებს ვუყურო,  თუ ნაწერები ვიკითხო?!”

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს, რომ ადამიანის ფსიქიკას ყურადღების განაწილების შესაძლებლობა არ აქვს, ამის გამო მაყურებელს სუბტიტრებით ნაჩვენები ფილმი არ მოსწონს:

”ყურადღების განაწილება შესაძლებელია, თუ ადამიანი ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, მაგალითად, ორივე ხელით პიანინოზე უკრავს, მაგრამ ერთდროულად ფილმს უყურებდე, გესმოდეს და კითხულობდე, ეს შეუძლებელია”.

”რუსთაველისა” და ”ამირანის” მარკეტინგის სამსახურში ამბობენ, რომ ამის გამო ისინი, ძირითადად, ფილმების ქართულ ენაზე დუბლირების კუთხით მუშაობენ.

”გარკვეული დროის მანძილზე მხოლოდ ფილმების 10% იყო ქართულ ენაზე დუბლირებული, დღეს ეს რიცხვი გაიზარდა. ვმუშაობთ იმაზე, რომ ფილმების აბსოლუტური რაოდენობის ქართულ ენაზე დუბლირება მოხდეს”.

თუმცა  ხშირ შემთხვევაში მაყურებელი არც ქართულად დუბლირებული ფილმების მიმართ გამოხატავს დიდ აღფრთოვანებას.

“არ არის ჩვენთან სათანადოდ დახვეწილი ქართული გახმოვანება, სანამ რამეს ისწავლიან, მანამდე ფილმები კატასტროფა იქნება,” – ამბობს ფორუმ.გე–ს ერთ–ერთი მომხმარებელი.

კინოთეატრებამდე არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული ან სუბტიტრებით გაშვების ვალდებულება მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებს, აგრეთვე, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა. ტელეკომპანიების მონიტორინგს ამ კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს, რომელმაც ბოლო პერიოდში რამდენიმე რეგიონულ ტელევიზიას დააკისრა ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი