ხელოვნება

70 ხელოვანი ტყიბულის საბავშვო ბაღის დასახმარებლად

6 აპრილი, 2016 • 1879
70 ხელოვანი ტყიბულის  საბავშვო ბაღის დასახმარებლად

“უნდა გავხსნათ ის სფეროები, სადაც ვმოღვაწეობთ და უნდა შევერწყათ იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია” – ამ დევიზით ხელოვანების აქციის მეორე ეტაპი გუშინ, 5 აპრილს დაიწყო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში და 9 აპრილამდე გაგრძელდება.

„ხელოვანების აქცია: ტყიბულის N5 საბავშვო ბაღი“ აერთიანებს საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე 70-მდე ხელოვანს, რომელთა მიზანია დაეხმარონ ქალაქ ტყიბულის N5 საბავშვო ბაღს. ღონისძიებაში ჩართულმა ხელოვანებმა პროექტს აჩუქეს თავიანთი ნახატები, რომელთა გაყიდვის შემდეგ შემოსული თანხა საბავშვო ბაღს მოხმარდება.

„ძალიან ბევრი პრობლემაა ბაღში მოსაგვარებელი, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დღევანდელი გამოფენის შედეგად ბაღში ხელოვნების ოთახი გაკეთდეს. მინდა, რომ ბავშვებს ხატვისა და მუსიკის გაკვეთილები უტარდებოდეთ. თვითონ პედაგოგებიც ძალიან კარგები ჰყავთ, მართლა გმირები არიან ჩემთვის ეს ადამიანები, რომ ცარიელი ხელებით ამდენ რამეს აკეთებენ და თუკი მათ ექნებათ ხელშეწყობა, ვფიქრობ, ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება მათი მუშაობა ბავშვებთან,“ – ამბობს პროექტის ორგანიზატორი ლუიზა ლაფერაძე.

ხელოვანების აქციის პირველი ეტაპი 2015 წლის დეკემბერში ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა. პირველ ეტაპშიც 70-მდე ხელოვანი იღებდა მონაწილეობას. ნახატების გაყიდვისგან შემოსული თანხით ქალაქ ტყიბულის N5 საბავშვო ბაღში გაკეთდა საძინებელი ოთახი. ლუიზა ლაფერაძის თქმით, 30 წლის განმავლობაში ამ ბაღში არ იყო საძინებელი, შესაბამისად, ბავშვებს შუადღით ვერ აძინებდნენ.

 

70 ხელოვანი ტყიბულის N5 საბავშვო ბაღის დასახმარებლად. პირველი ეტაპიდან შემოსული თანხით, ბავშვებისთვის მოეწყო საძინებელი ოთახი.

70 ხელოვანი ტყიბულის N5 საბავშვო ბაღის დასახმარებლად. პირველი ეტაპიდან შემოსული თანხით, ბავშვებისთვის მოეწყო საძინებელი ოთახი.


„როცა მივედი ბაღში და ვნახე, რომ ეს ბავშვები შუადღით ვერ იძინებდნენ, მე დავინტერესდი და დავიწყე კვლევა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა შუადღის ძილს. აღმოჩნდა, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური თუ გონებრივი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ საძინებელზე არ არის აქ საუბარი. თუნდაც სათამაშოები, რომლებიც პირველად ჩავიტანე და რომელიც მათთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. სათამაშოებიც კი არ ჰქონდათ,“ – ამბობს ლუიზა ლაფერაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოეწყო საძინებელი და ბავშვებმა შუადღით ძილი დაიწყეს, უფრო დამშვიდებული და ნაკლებად აგრესიული გახდნენ: 

„აღმზრდელებმა მითხრეს, რომ მათ ძალიან გაუმარტივდათ ბავშვებთან ურთიერთობა. საერთოდ აღარ არიან აგრესიულები, ბავშვები დამშვიდნენ. მათი მოთხოვნილება აბსოლუტურად სხვანაირი გახდა.“

„მგონია, რომ უფრო ხმამაღლა უნდა დავიწყოთ საუბარი სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე, რადგან დიახ, დღეს ეს არის პრობლემატური. მე ვთვლი, რომ ეს აქცია ჩემი, როგორც მხატვრის, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.  რა სფეროსაც არ უნდა წარმოვადგენდეთ, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, სად ისმის ჩვენი ხმა? უნდა გავხსნათ ის სფეროები, სადაც ჩვენ ვმოღვაწეობთ და უნდა შევერწყათ იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია,“ – აცხადებს ლუიზა ლაფერაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი