ხელოვნება

პოლიტიზებული კარნავალი, ან კარნავალიზებული პოლიტიკა

8 აგვისტო, 2011 • 1377
პოლიტიზებული კარნავალი, ან კარნავალიზებული პოლიტიკა

ზაფხულში აქტუალური ლეღვით დამწვრობისა და ქართული ტელენიუსების ტრადიციულად საყვარელი “კრიმინალური საკითხავის” თემა ბოლო დღეებში სრულიად “სკანდალურმა” მოვლენამ დაჩრდილა –  ათასობით ადამიანის წინაშე 19 წლის გოგონამ, თამუნა სიჭინავამ დაანგრია ქართველი კდემამოსილი მანდილოსნის იმიჯი და ათასობით ადამიანის თვალწინ თვით ენრიკე იგლესიასს აკოცა.

ვაშა! ვაშა! მე პირადად მივესალმები ასეთ სითამამესა და გახსნილობას. ალბათ, რამდენი გოგო ოცნებობდა თამუნას ადგილზე ყოფნას. თამუნას ერთ-ერთ ინტერვიუში მგონი ისიც უთქვამს –  არ გავთხოვდები და ამ ხსოვნას შევინახავო (თამუნა, არ დაყარო ფარ-ხმალი! წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს! ბოლოს და ბოლოს, მომავალ წელს რიყეზე შესაძლოა უფრო მასშტაბური “კოცნაობის აქცია” ჩატარდეს). ბოროტი ენები კი ქირქილებენ –  არ კი არა, ვერ გათხოვდება; რა ჰგონია, ასე საქვეყნოდ თავის მოჭრა შერჩებაო?…

მოკლედ, ყველამ გაიხარა –  ერმაც და “ბერმაც” (ამ შემთხვევაში, იგულისხმეთ ტელემედია). ის-ის იყო ჩაცხრა შერონ სტოუნის ფეხზე გადადებული ფეხის ინვარიაციული “ხუმრობები” და ცოტა მოვიწყინეთ, რომ ერთ წამში სამამულო ვარსკვლავი დაიბადა სცენაზე. რატომ არ არის ვითომ თანამედროვე კონკიას სიუჟეტი?

კონკია და მითები, მათი არქაულობის მიუხედავად, დღემდე აქტუალურია ყველგან და პოპკულტურის შემადგენელი ნაწილია. ის ართობს, ზღაპარში ამყოფებს/აბრუნებს ყველაზე უფრო ურბანისტული და სკეპტიკური საზოგადოების ნაწილსაც კი, ამიტომ, ქართული ნეოლინგვისტიკა რომ მოვიშველიო, “მოთხოვნადი” და “გაყიდვადია”. მაგრამ თუ სხვაგან ამ პროცესს ბაზარი და შოუ-ბიზნესი წარმართავს, საქართველოში ის `ცენტრალიზებულია” _ მასზე ზრუნვა ხელისუფლებამ ითავა. ამ პროცესს, რაც ბოლო ხანებში ინტენსიურად მიმდინარეობს და კულმინაციას წლევანდელ ზაფხულს მიაღწია, ვუწოდებდი პოლიტიზირებულ კარნავალს ან პირიქით _ კარნავალიზირებულ პოლიტიკას.

ეპიცენტრი –  ბათუმი… ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… –  ბრჭყვიალა, ლამაზი, `მაღალი~, სტუმართმოყვარე, “უღრუბლო”, რომელიც ნიცასაც უკან მოიტოვებს (თუ უკვე მოიტოვა?) და ლაჟვარდოვან სანაპიროსაც. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზაფხულო სეზონი მაქსიმალურად მხიარული, მჟღერი, პერმანენტულად გასართობი იყოს. მართალია, “დაუნახავი” ადამიანები სნობური ქედმაღლობით ქილიკობენ _ ყველა მივიწყებული და უკვე დაჩრდილული მომღერალი აქ ჩამოდისო, მაგრამ ხალხს უხარია. ათასობით ადამიანი იკრიბება პიაცაზე (და არა “პიაცას მოედანზე”). რას ვიზამთ, თუ ზოგი შემსრულებლის “ლიფტისა~ თუ `სალონის~ მუსიკამ (კრის ბოტი) მიაძინა ელიტარული საზოგადოების ნაწილი (ის, ვისაც მთლად `დახვეწილი~ გემოვნება არ აღმოაჩნდა), ზოგი კი აშკარად დაღლილი, მოვალეობის გამო მღეროდა (სტინგი)? ზოგმა ხომ შეძლო აუდიტორიის აყვანა (მაგალითად, მეისი გრეიმ. სხვათა შორის, სკეპტიკოსები აქაც გამოჩნდნენ –  ვარშალომიძე პირადად კურირებდა მომღერლის რეპერტუარში აქტივისტების ერთთვიან გადამზადებასო). მთავარი მიზანი მიღწეულია –  ბათუმში ვარსკვლავთცვენის უწყვეტი ღამეებია, რომლის მთავარი მოქმედი გმირი (არ შეგეშალოთ!) არა რომელიმე უკვე ჩამქრალი, თითქმის ჩამქრალი თუ ჯერ კიდევ მბზინავი ვარსკვლავი, არამედ თავად საქართველოს პრეზიდენტია.

მუდამ ენერგიული, ხალხოსანი, არაოფიციალურად გამოწყობილი (“ჩვენიანი”) პრეზიდენტი ამჯერადაც MTV Live in Georgia -ს დაწყებამდე და ენრიკე იგლესიასის გამოჩენამდე გამოჩნდა…

“ჩვეულებრივ” ადამიანებს შეერია, ხალხს “დაუგდო ყური”. ერთი კი თქვა – “მე ხომ არ ვარ იგლესიასიო” –  და პირველი (შესაბამისად, მთავარი) ოვაციებისა და აპლოდისმენტების მიღების მერე (კმაყოფილმა) დატოვა კონცერტის მოლოდინში შეკრებილი კმაყოფილი აუდიტორია…

მე მიხარია, როცა მყავს ახალგაზრდული, ენერგიული პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია თავის ხალხთან ერთად გართობა. მაგრამ აღარ მიხარია, როცა ეს პრეზიდენტის ერთადერთ საქმიანობა/მოვალეობად იქცევა. პრეზიდენტმა შეითავსა ყველაფერი: დიზაინერ-არქიტექტორობიდან მოყოლებული ხელოვნების კრიტიკოსობით დამთავრებული და რაც მთავარია, იქცა ქართული პოპკულტურის ყველაზე პოპულარულ გმირად.

რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტია კიდევ ერთ-ერთი გრანდიოზული პროექტის (ზღაპრული ბიუჯეტით, მაგრამ დაუზუსტებელ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით) იდეის გენერატორი, რომელიც აგვისტოში ბათუმელებსა და ბათუმის დამსვენებლებს გაახარებს _ მიუზიკლი `ქეთო და კოტე~ სოფო ნიჟარაძით (რასაკვირველია, ქეთოს როლში), ნანი ბრეგვაძით (ხანუმა?!), ეკა კახიანითა (ქაბატო) და სხვა ამჯერად უკვე ქართველი ვარსკვლავებით. მორიგი კიჩი ამოუწურავ (უკვდავ) კლასიკაზე. მე პირადად კიჩის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს და პრეზიდენტს ვეთანხმები _ `კიჩი ცუდი არ არის~, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მას აკეთებ (და აღიქვამ), როგორც კიჩს (ირონიითა და გარკვეული შეფასებითი დისტანცირებით). თუმცა ეს თემა სხვაგან გაგვიყვანს, მე კი დასასრულისკენ უნდა წავიდე (ლიმიტირებულია სტატიის მოცულობა). `ქეთო და კოტეს~ აგვისტოში დაგეგმილ პრემიერაზე რომ ვწერდი, გავიფიქრე _ ალბათ, `მოგებული ომის~ წლისთავს უნდა დაამთხვიონ-მეთქი (სიმბოლურ ღონისძიებებზე ხომ ვგიჟდებით). ომმა კი ჩემი უსაყვარლესი რეჟისორის, ტარანტინოს ახლახან წაკითხული ინტერვიუ გამახსენა (ამ სტატიასთან არაფერ შუაშია, მაგრამ რას გაუგებ ასოციაციებსა და ქვეცნობიერის ნაკადს?): “თუ იმაზე იღებ ფილმს, რომ “ომი –  ეს ცუდია”, რა საჭიროა საერთოდ კინოს გაკეთება? თუ სულ ეს არის, რისი თქმაც გინდა, მაშინ ეს თქვი, ანუ სულ სამი სიტყვა: “ომი –  ეს ცუდია”. თუმცა ორი სიტყვაც საკმარისია: “ომი ცუდია”.

მოკლედ, ამდენი წერა მგონი არც იყო საჭირო –  ის, რაც ხდება, ცუდია; ცუდია ქვეყნისთვის. ასე ჩვენ “ვერც გავფრინდებით” და “ვერც სოფელი აშენდება”.

 

P.s. რაკი დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტებს კიდევ ბევრჯერ მოუწევთ ამ სიტყვის გამეორება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ –  “პიაცა” და არა “პიაცას მოედანი”. გთხოვთ, ნუ ამახსნევინებთ, რას ნიშნავს ტავტოლოგია, უბრალოდ, დაიმახსოვრეთ.

P.P.შ. “ლინკების” მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ბიჭიკოს “ჭიჭიკო და ბიჭიკოს შოუდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი