შესაბამისად, დოკუმენტის გაფორმების შემდეგ იმ პაციენტთა რეგისტრაცია დაიწყება, ვისაც ახალი პრეპარატის, სოფოსბუვირის მიღების საჭიროება ექნება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირველ ეტაპზე პროგრამაში 5 ათასი პაციენტის ჩართვა ღვიძლის მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით მოხდება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დახმარებით ამერიკულ, “სოფოსბუვირის” მწარმოებელ კომპანია “გილეადთან” მოლაპარაკებები გამართა და, როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ამბობს, ქართულმა მხარემ დაარწმუნა კომპანია, რომ უახლესი მედიკამენტი საქართველოსთვის უკიდურესად დაბალ ფასად მიეწოდებინა.
“ჩვენ დავარწმუნეთ ეს კომპანია, რომ შევძლებთ გავხდეთ პირველი ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება”, – ამბობს კვარაცხელია.
ჰეპატოლოგებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, 94%-ში “სოფოსბუვირი” ეფექტურია მკურნალობისთვის და პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი ჩვენებები. მედიკამენტის მიღების კურსი 12 ან 24 კვირიანი იქნება, რაც დაავადების ტიპზეა დამოკიდებული.
