ჩინური ახალი წელი თხუთმეტ დღეს გრძელდება, ხოლო ჩინეთში 8 დღე დასვენების დღედაა გამოცხადებული. ჩინური ახალი წელი ყოველ წელს სხვადასხვა დროს აღინიშნება, წლევანდელი ახალი წელი 19 თებერვალს იწყება.
ჩინურ ახალ წელს საუკუნოვანი ისტორია აქვს და დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ტრადიცულად ფესტივალი ეძღვნება ღმერთებსა და წინაპრებს. ჩინეთის ტერიტორიაზე კოსტუმები და ტრადიციები დღესასწაულთან დაკავშირებით ვარირებს რეგიონების მიხედვით.
როგორც წესი, ჩინური ახალი წლის წინა დღეს ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან და სადილობენ. ახალი წლის დადგომამდე ჩინელები საფუძვლიანად წმენდენ სახლებს, რათა თავიდან მოიცილონ წარუმატებლობა და დაიბედონ კარგი წელი.
ტრადიციის მიხედვით, წინასაახალწლოდ კარებსა და ფანჯრებს წითელი ფერის ქაღალდებით რთავენ.
ლეგენდის მიხედვით, მითოლოგიური მონსტრი ნიანი თავს ესხმოდა სოფლებს, იტაცებდა საქონელსა და მოსავალს. მშვიდობის დასაცავად ადამიანები თავისი სახლის წინ ალაგებდნენ საკვებს, რათა ნიანი მათ თავს არ დასხმოდა.
ერთ დღესაც ადამიანებს ღმერთმა ასწავლა, რომ სახლების წინ უნდა ჩამოეკიდათ წითელი ფურცლები და დაენთოთ ლამპიონები. ადამიანები მიხვდნენ, რომ ნიანს წითელი ფერის ეშინოდა, ამის შემდეგ დამკვიდრდა წითელი ფერი და ლამპიონები ჩინური ახლი წლის ატრიბუტად. მითის მიხედვით, მას შემდეგ ნიანი ადამიანებს თავს არ დასხმია.
ჩინური ახალი წელი დაკავშირებულია მთვარის კალენდართან, რომელსაც ცხოველის 12 ნიშანი აქვს. ყოველ თორმეტ წელიწადში ერთხელ ცხოველებთან დაკაშირებული წლები ხელახლა აითვლება. 2015 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით თხის წელწადია.