ახალი ამბები

ოთარ დანელია: მთავრობამ მცირემიწიანი ფერმერების დასახმარებლად 50 მლნ ლარი გამოყო

29 იანვარი, 2015 • 1204
ოთარ დანელია: მთავრობამ მცირემიწიანი ფერმერების დასახმარებლად 50 მლნ ლარი გამოყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტისთვის 50 მილიონი ლარია გამოყოფილი, ის თებერვლიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია –საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. 

 

“დღეს მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა, რომელიც გრძელდება. ეს ეხება საგაზაფხულო სახნავ სამუშაოებს. შესაბამისად, 800 000 ბენეფიციარს შეეხება. ვფიქრობთ, რომ წელს 400 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია უნდა მოიხნას,”– განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ:

 

“ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25–დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით. ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25-მდე მიწის ფართობი, წელს ისარგებლებენ 50-ლარიანი აგრობარათით. ბენეფიციარები, რომლებიც 0.25-დან 1.25 ჰას ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 1 ჰა–ზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო საქონელს”.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფოგრაფიკი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფოგრაფიკი

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს “მექანიზატორი“ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს. კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია. „აგრობარათით“ მომსახურებას ფერმერებს წელსაც ლიბერთი ბანკი გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლეობლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი