“მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქმეზე დაუყოვნებლივ ჩატარდეს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, დაიკითხონ დაზარალებულები და სახალხო დამცველის წინადადებაში მითითებული N8 დაწესებულების ყველა თანამშრომელი. ჩემ მიერ მიწოდებული მასალების, ასევე გამოძიების მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაიწყოს სამართლებრივი დევნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულების ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც შესაძლოა მონაწილეობდნენ მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობაში. სისხლის სამართლიოს საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქართველსო მთავარმა პროკურატურამ მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ პირთა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობით,”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, დღეს, 20 ნოემბერს გამართული ბრიფინგის დროს.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 ნოემბერს, ომბუდსმენის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მონიტორინგისას, გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დახვდნენ. გარდა ამისა, დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა. გავრცლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა.
“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ. ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა”,- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
