TI-ის ცნობით, ზემოხსენებულ ნომერში სხვა მასალებთან ერთად გამოქვეყნებული იყო სტატია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების მფლობელობაში არსებულ კომპანიებს მიმოიხილავს და აღწერს მათ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში.
“სტატიაში მოხსენიებულია რამდენიმე სხვა თანამდებობის პირი, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე. მასალაში ასევე საუბარია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესინტერესებზეც. ჯანყარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსია. სტატიიდან ირკვევა, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული პირი ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიებში არსებული საერთო წილების მეშვეობით უკავშირდება”.

ანი დაბრუნდაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელმაც ამ საკითხზე იმუშავა. იგი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია მათ პრესის ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა მიაწოდა გაზეთის ერთ ნომერთან ერთად. ორგანიზაციაში გაზეთის შინაარსის შესახებ ინფორმაციას სწორედ აქედან ფლობენ. დაბრუნდაშვილის თქმით, ისინი თავის წყაროს არ გაამხელენ. ამასთან, ორგანიზაციაში ინფორმაციას არ ფლობენ, კონკრეტულად ვინ შეიძინა გაზეთის ერთი ნომრის ტირაჟის უდიდესი ნაწილი. დაბრუნდაშვილის თქმით, მათ დისტრიბუტორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში გადაამოწმეს.
“ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში (ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი) გაზეთების რამდენიმე ჯიხურში და აღმოჩნდა, რომ გაზეთი „ქრონიკა +”-ის 18 ნოემბრის გამოშვება არ იყიდება”, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში, თუმცა დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე გაზეთი ზუგდიდის ერთ-ერთ ჯიხურში ნახეს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად რეპრეზენტაციულად განახორციელეს მათ მთელი საქართველოს მასშტაბით ჯიხურებში აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება, დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ მათ მხოლოდ ის ქალაქები დაფარეს, სადაც ოფისები აქვთ გახსნილი. ამასთან, დაბრუნდაშვილის თქმით, თბილისში ყველა ჯიხური არ გადაუმოწმებიათ.
ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ვერ ხედავს აზრს ნომრის ტირაჟის შეძენაში გარკვეული ინფორმაციის ბლოკირების მიზნით, რადგან ინტერნეტის ეპოქაში კონკრეტული სტატიები და ფაქტები არსად დაიმალება. იგი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ახლა საქმის დეტალებს არკვევს და მათ შესახებ მომდევნო სამშაბათს ისაუბრებს, როდესაც სრული სურათი ექნება. კილაძის თქმით, დღეის მდგომარეობით გაზეთის ანგარიშზე ტირაჟის რეალიზაციის თანხა არ ჩარიცხულა. მისივე თქმით, გაზეთი პრესის დაახლოებით 10-12 დისტრიბუტორთან თანამშრომლობს. გაზეთის ფასი 2 ლარია, ხოლო ტირაჟი რაოდენობა – კომერციული საიდუმლო.
“ეკა გიგაურს [საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელი] ეს ინფორმაცია ჩემთან არ გადაუმოწმებია, ამდენად, არ ვიცი საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია და რამდენად სარწმუნოა. გაზეთის ბოლო ნომერი დაიბეჭდა ჩვეულებისამებრ, გაზეთის პირველი გვერდის ფოტო ატვირთულია ჩემს ფეისბუქის გვერდზე.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “ქრონიკა +” ადრიანად, ზოგან ორგანიზებულად გაიყიდა, რედაქციასაც გააჩნია. არ შეგვიძლია იმის დადასტურება, რომ ეს მოხდა იმ მასალების გამო, რომელიც გაზეთის ბოლო ნომერში მაღალჩინოსნებზე გამოქვეყნდა.
ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, გაზეთის ბოლო ნომრის ნაწილი შეისყიდა კონსერვატორიის ხელმძღვანელობამ, რომელზეც ამავე ნომერში სკანდალური დოკუმენტები გამოქვეყნდა. ზვიად ჯანყარაშვილზე და გიორგი ზედელაშვილზე სხვა დროსაც გვქონია სკანდალური მასალები, მათი მხრიდან არც ტირაჟის ორგანიზებულ შესყიდვას, არც რაიმე ტიპის მუქარებს ადგილი არ ჰქონია. დამატებითი ინფორმაცია გაყიდული და დაბრუნებული ტირაჟის შესახებ გვექნება ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ანუ მომდევნო სამშაბათს. თუ რაიმე მუქარას,ზეწოლას ან გაზეთის შეფერხებას ადგილი ექნება, ეკა გიგაურის დახმარება ამ საკითხში არ დაგვჭირდება,”ქრონიკა +” -ის რედაქცია პირადადაც მოახერხებს ფაქტების გასაჯაროებას.
p.s. გაზეთის ბოლო ნომერი, ტრადიციულად, პარასკევს აიტვირთება “ქრონიკა +”-ის ვებ გვერდზე “, – ნათქვამია ელისო კილაძის განცხადებაში.
ერთ-ერთი სტატია, რომელიც “ქრონიკა პლუსის” 18 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა, კომპანია სერპანტინს და მის მიერ მოგებულ ტენდერებს ეხება, რის შესახებაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ჯერ კიდევ თებერვალში საუბრობდნენ. მათი თქმით, “გამოვლინდა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული მსხვილი კორუფციული სქემა”:
“კლანმა თავის კონტროლს ქვეშ მოაქცია ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმები და შემმოწმებელი კომპანია. პრემიერის მეუღლის (თამაზაშვილის ქალიშვილის) ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი დაინიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ. ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს „სერპანტინმა“ (ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარი), მათ შორის 12.5 მილიონი ლარის ტენდერები სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციის მიერ იქნა გამოცხადებული. გარდა ამისა, პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანიასთან გაფორმებული არის რამდენიმემილიონიანი ხელშეკრულებები. კომპანია „სერპანტინის“ 51%-ის მფლობელი თამარ ჯანყარაშვილია, შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს გენ. ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი. აღნიშნულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში მოიგო, ჯამში, 15 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ტენდერები (შედარებისთვის გასული წლების განმავლობაში იგივე ფირმამ 6 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო შეკვეთა შეასრულა, ანუ საშუალოდ წელიწადში 20-ჯერ ნაკლები, ვიდრე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში). კლანმა ზეწოლის შედეგად აიძულა დაგებული საფარის შემმოწმებელი ერთადერთი ფირმა შპს „საავტომობილო გზების რეაბილიტაციიისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია”, ქვეკონტრაქტორად აეყვანა შპს „ვილსფორტ მენეჯმენტი“, რომლის ტექნიკური დირექტორი არის ელდარ ხუციაძე, შპს „სერპანტინის“ 31% მფლობელის ნუგზარ ხუციაძის მამა”, – აცხადებდნენ “ნაციონალურ მოძრაობაში” თებერვალში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით კი, თანამდებობის პირების შესაძლო ბიზნესინტერესები და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხია, რადგანაც მსგავსი მასალები მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არ ფლობს ინფორმაციას სტატიაში მოცემული ფაქტების სისწორის შესახებ, თუმცა ის გარემოება, რომ გაზეთის ეს ნომერი გაყიდვაში არ არის, აჩენს ეჭვებს, რომ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებას იმ მიზნით, რომ მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებოდეთ თანამდებობის პირების შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ ჟურნალისტურ მასალებზე”, – აღნიშნავენ TI-ში.
იმ უწყებაში, რომელშიც ზედელაშვილი მუშაობს (შსს), TI-ის განცხადებაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.
