ახალი ამბები

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილე დააკავეს

11 თებერვალი, 2014 • • 1787
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილე დააკავეს

“დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის იანვარში ხონის მუნიციპალიტეტის სატყეო უბანში ხე – ტყის უკანონოდ ჭრისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ნიკოლოზ კირთაძე, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის- სატყეო უბნის რეინჯერი მერაბ ლიპარიძე. მათვე დაეკისრათ გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ნიკოლოზ კირთაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა უკანონოდ მოჭრილი – 69,417 მ3 ხე-ტყე. 2010 წლის 26 ივლისს, სსიპ “ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს ბრძანებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ გადაეცა ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს უკანონოდ მოჭრილი და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული 28 884.45 ლარის ღირებულების 213,662 მ3 სამასალე და საშეშე მერქანი, მათ შორის, უშუალოდ ნიკოლოზ კირთაძისათვის ჩამორთმეული ხე-ტყე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული მერქანი უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მრავალშვილიან და ეკონომიურად უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ, გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძესთან წინასწარი შეთანხმებით, ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკოლოზ კირთაძისათვის მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მინიჭების მიზნით შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა. სქემის მიხედვით, შეჭირვებული მოსახლეობის ნაცვლად აღნიშნული მერქანი გადაეცა ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ხის გადამამუშავებელ საამქროებს, რომელთა ხელმძღვანელებმა მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა უშუალოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთაძეს. დანაშაულის შენიღბვისა და კვალის დაფარვის მიზნით, თითქოსდა ზემოაღნიშნული მერქნის გაჭირვებულ მოსახლეობაზე დარიგების შესახებ, შედგა 19 ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი. შეჭირვებული მოსახლეობისათვის განკუთვნილი მერქანი გადაეცა და მატერიალური გამორჩენა მიიღო უშუალოდ ნიკოლოზ კირთაძემ. ზურაბ ჯიბუხაიასა და ბესარიონ ჭელიძის ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული 12 580,69 ლარის ღირებულების ქონება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7 -დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი