ახალი ამბები

პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად გულებიანი დროშა ფრიალებს

9 ნოემბერი, 2013 • • 2807
პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად გულებიანი დროშა ფრიალებს

აღნიშნული დროშა საქართველოს დროშის მსგავასია, განსხვავება ისაა, რომ ჯვრების ნაცვლად დროშაზე გულებია გამოსახული. ახალი დროშის პრეზენტაცია “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო ყრილობაზე გაიმართა და მიხეილ სააკაშვილმა პარტიას შეთავაზა, “ნაციონალური მოძრაობის” დროშა სწორედ გულებით დახატული დროშა ყოფილიყო.


“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. დროშების შეცვლის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდს. 


მიხეილ სააკაშვილმა სექტემბერში, დროშის პრეზენტაციის შემდეგ, “რუსთავი 2″–ის ეთერით ახალ დროშაზეც ისაუბრა:


“ნახევრად სერიოზულად ეს გულებიანი დროშა ავაწევინე და შევთავაზე ნახევრად სერიოზულ პარტიას, ეს თქვნი დროშაც იყოს-თქო. მე ვიყენებ ამას ჩემს მამულში, კახეთში. იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ სიყვარული. სიყვარული მარტო ის კი არ არის, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ოჯახი, ჩვენი ნათესავები, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩევნი თანამოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ორიენტაციისა, მაგრამ პირველ რიგში უნდა გვიყვარდეს სამშობლო და თუ ჩვენ ვთქვით, რომ სიყვარული არის მხოლოდ ჩემი ნათესავები, მეგობრები, ახლობლები მოვაწყო სამსახურში და ყველა სხვა აღოჩნდეს თამაშგარე მდგომარეობაში, ეს არის სიმახინჯე. ნამდვილი სიყვარული არის ის, რომ შენი სამშობლო დააყენო ყველაზე მაღლა და მოაწყო ქვეყანა. ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტი ნეტავ არ დაეხურათ, ვის ჯინაზე დახურეს?! მე მომიგეს ნიშანი?! ამხელა ამერიკული უნივერსიტეტი გვყავდა შემოყვანილი, მსოფლიო კლასის დიპლომს გავცემდით”.– განაცხადა სააკაშვილმა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი