ახალი ამბები

წულუკიანი: უსამართლო გადაწყვეტილებებს კომისია გადახედავს

30 იანვარი, 2013 • 1148
წულუკიანი: უსამართლო გადაწყვეტილებებს კომისია გადახედავს

ამ საკითხზე გუშინ, 29 იანვარს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში” ისაუბრა. მისი თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო, რომ პროკურატურაში შექმნილიყო სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე საქმეებს განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით შეიცვალა პოზიცია და იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე მოამზადა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც მოხდება ისეთი ტიპის საქმეების შესწავლა, რომლის ფარგლებშიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ბიზნესმენებს უკანონოდ ჩამოერთვათ ქონება და ა.შ.

 

“კომისიის შექმნაზე შევთანხმდით, რომ კანონიერ ძალაში შესული უსამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა მოხდეს. ეს შეეხება, პირველ რიგში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, იქ, სადაც ბოლომდეა ამოწურული გასაჩივრების გზები, დავადგენთ ვადას, რა ვადაშიც ადამიანებს შეეძლებათ, მოკლე ვადა იქნება ძალიან, რომ კომისიამ თავისი ეფექტიანობა არ დაკარგოს და ეს კომისია გადახედავს სისხლის სამართლის საქმეებს და გადახედავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, სადაც დავის ღირებულება იქნება მაღალი. შეიძლება ეს იყო 100 ათას ლარს ზევით ზღვარი ან დაიწიოს ეს ზღვარი,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, კომისია იქნება დროებითი ორგანო, რომელიც გადახედავს იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც ეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, “სადაც განაჩენი არის აშკარად დაუსაბუთებელი”. არის თუ არა განაჩენი “აშკარად დაუსაბუთებელი”, ამას კომისია დაადგენს, რის შემდეგაც კომისიის დასკვნა გადაიგზავნება სასამართლოში და ეს იქნება საფუძველი, რომ ახლად გამოვლენილი გარემოება იყოს დადგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი