პროკურატურის განცხადებით, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შვილისა და ქმრის მკლელობაში ბრალდებულის საქმეზე საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ მტკიცებულებებს აცნობს.
2015 წლის 20 დეკემბერს, მ.პ. ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, მ.პ-მ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის – უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი – 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.
შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების მიერ ქ.თბილისში საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს წინ ნანახი იქნა ომარ ქაფიაშვილისა და თორნიკე ქაფიაშვილის გვამები. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილებს ტანთ ეცვათ ზამთრის სეზონისთვის შეუფერებლად. კერძოდ: ომარ ქაფიაშვილს ეცვა მხოლოდ სპორტული შარვალი, მაისური და წინდები, ხოლო თორნიკე ქაფიაშვილს მოკლესახელოებიანი მაისური, რეიტუზი და სპორტული შარვალი. ომარ ქაფიაშვილის გვამს ზურგზე აღენიშნებოდა სხეულის იატაკზე გათრევისათვის დამახასიათებელი კვალი. მ.პ. და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში, ანუ მკვლელობის უშუალო ადგილას, სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და ავეჯი. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე, მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანზე და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი. სისხლის კვალი ასევე აღმოჩნდა ამავე ოთახიდან დერეფანში გასასვლელი კარის ჩარჩოზე და დერეფანში ქაფიაშვილის გვამის აღმოჩენის ადგილამდე, რაც მოწმობს იმას, რომ გვამის აღმოჩენის ადგილამდე ომარ ქაფიაშვილის სხეული გადაადგილებულია ოთახიდან და არა დერეფნიდან, როგორც ამას მ.პ უთითებს. ომარ ქაფიაშვილის სისხლი ასევე აღმოჩნდა მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა მარჯვენა საბურავზე და წინა მარჯვენა კარის კარნიზზე, რაც თავის მხრივ მოწმობს, რომ ბრალდებული ეცადა გვამის ავტომანქანაში ჩადებას, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო დაიწყო მ.პ-მ ყვირილი და თითქოსდა „საშველად“ მოუხმო მეზობლებსა და დედამთილს.
გამოძიების მიერ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი – დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო. დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მ.პ. ბიოლოგიური მასალა – დნმ, რაც ადასტურებს, რომ ურო სწორედ მ.პ-მ ჩაარტყა თავში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, რაზეც ასევე მიუთითებს ნაგვის ურნიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის სისხლით გაჟღენთილი ბალიში. ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთმტკიცებებიც: ომარ ქაფიაშვილის სისხლით დასვრილი ზეწარი, პირსახოცი, სხვადასხვა საოჯახო ნივთი, ტანსაცმელი, მუყაოს კოლოფები, წიგნები და რვეულები, ანუ ყველა ის ნივთი, რომელიც ოთახში ომარ ქაფიაშვილის მკვლელობის დროს დაისვარა სისხლით. აღნიშნული ნივთები, კვალის წაშლის მიზნით, სანაგვე ურნაში ბრალდებულმა მ.პ-მ გადაყარა.
გამოძიების დაწყებიდან მალევე დადგინდა, რომ დანაშაულის იარაღი – ურო მ.პ-მ მაღაზიაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მ.პ. უროთი ხელში შვილთან – 5 წლის თორნიკესთან ერთად.
მეუღლისა და შვილის მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მ.პ. შეეცადა კვალის წაშლას, კერძოდ, გაწმინდა იატაკი, ავეჯი, ნაგვის ურნაში გადაყარა სისხლიანი ნივთები და გვერდით მცხოვრები დედამთილის საცხოვრებელ ოთახში არსებულ სარეცხის მანქანაში გარეცხა სისხლით დასვრილი იმ დივანის გადასაფარებელი, რომელზეც თავში უროს ჩარტყმით მოკლა მწოლიარე მეუღლე. აღნიშნული გარემოება დადგენილია დედამთილის დ.მ-სა და მასთან სტუმრად მყოფი მოწმეების ი. და ა.მ-ების ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ პ-მ დედამთილის ოთახიდან რამდენჯერმე გაიტანა „ტოლჩით“ წყალი, ხოლო შემდეგ სარეცხის მანქანაში ორჯერ გარეცხა სარეცხი, მათ შორის დივანის გადასაფარებელი, რა დროსაც წყალმა ფერი იცვალა და გახდა მოვარდისფრო-მოწითალო ფერის.
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიების მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მ.პ-ს დღიურის ჩანაწერი, რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შესრულებულია მ.პ-ს მიერ. დღიურში მ. პ-ს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი:
„ურო (ნაჭრით გახვეული),
პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული
პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად.
წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი
ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ.
ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი
დიდი პარკები“
ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მ,პ-ს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ „ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობითა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით. გვამს ზურგზე აღენიშნებოდა თრევის შედეგად განვითარებული ნაჭდევები“. რაც შეეხება 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზია „ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით“, ანუ გაგუდვით.
მ,პ-სთვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში.
ის ფაქტი, რომ მ.პ-მ მეუღლე მათსავე საცხოვრებელ ოთახში მოკლა, ასევე დადასტურებულია ომარ ქაფიაშვილის დედის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, საღამოს, როდესაც შევიდა შვილის ოთახში, ომარ ქაფიაშვილს ეღვიძა და იწვა დივანზე. აღნიშნული ოთახის დათვალიერებისას, მითითებული დივანის ქვედა სათავსოდან და მისი ზედაპირიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ომარ ქაფიაშვილის სისხლის ლაქები.
უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ მკვლელობის დღეს, გვიან ღამით, როდესაც დედამთილმა მობილური ტელეფონის საშუალებით მ.პ-სთან მოიკითხა შვილი და შვილიშვილი, ბრალდებულმა მას განუცხადა, რომ ისინი უკვე მოდიოდნენ სახლში, არ ენერვიულა და დაეძინა. სატელეფონო კავშირის დროისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მამა-შვილის სიკვდილის დროის შედარებისას აშკარაა, რომ მას მეუღლე და შვილი ამ დროს უკვე მოკლული ჰყავდა.
მ.პ-ს დის – ლ.პ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ.პ-ს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ბოლო პერიოდში უკიდურესად აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის – ომარ ქაფიაშვილის მიმართ. მისივე ჩვენებით, მკვლელობამდე რამოდენიმე დღით ადრე მაგდამ სთხოვა ჩაქუჩი. მ.პ-ს დედის – ლ.შ-ს ჩვენებით, მათი სიძე – ომარ ქაფიაშვილი იყო მოსიყვარულე მამა და მეუღლე, მოკრძალებული, მშვიდი, გაწონასწორებული და რელიგიური ადამიანი, ხოლო თავად მაგდა ბოლო პერიოდში ნეგატიურად იყო განწყობილი მეუღლის მიმართ.
ამდენად, შემთხვევის ადგილის – მ.პ-ს და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი ოთახის დათვალიერებით, სადაც აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის დიდი რაოდენობით სისხლის კვალი; ამოღებული ნივთმტკიცებებით: ურო, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩენილია მხოლოდ მ.პ-ს დნმ-ის კვალი; გარდაცვლილის სისხლით დასვრილი სხვადასხვა საოჯახო ნივთები, ზეწრები, სისხლიანი ნაჭრები და ბალიში; სამეურნეო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მ.პ. შვილთან ერთად და ხელში უჭირავს ურო; სამეურნეო მაღაზიის თანამშრომლის დაკითხვისა და ამოცნობის ოქმებით, რა დროსაც მ.პ. ამოიცნო როგორც პირი, რომელმაც ურო შეიძინა; მ.პ-ს დღიურის ჩანაწერით, საიდანაც დასტურდება მეუღლისა და შვილის მკვლელობის განზრახვა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რითაც დადგენილია ომარ და თორნიკე ქაფიაშვილის სიკვდილის დრო და მიზეზი; მ.პ. მეგობარი მამაკაცის ჩვენებით, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მ.პ-ს განწყობებთან დაკავშირებით, ომარ ქაფიაშვილის დედის, მისი მეზობლების ი. და ა. მ-ების ჩვენებებით, მობილური სატელეფონო კავშირის შესახებ ამოღებული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯაროვდება მტკიცებულებათა ნაწილი), დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დგინდება, რომ მ.პ-მ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლისა და შვილის განზრახ მკლელობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
