შსს უარს აცხადებს, გაუმხილოს მედიას 26 ნოემბრის არეულობისას ბათუმში დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თუ ადმინისტრაციული.

არეულობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, 27 ნოემბერს ღამის 01:36-ზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დაკავებულის შესახებ გაავრცელა განცხადება. შსს-ს მიერ გავრცელებულ პრაქტიკულად ყველა სხვა მსგავსი ტიპის განცხადებაში მითითებულია სავარაუდო დანაშაულის მუხლი და შესაძლო სასჯელის ზომა. ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით უწყებას მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ნეტგაზეთი დეტალების დასაზუსტებლად შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროს წარმომადგენელს არც მუხლი დაუდასტურებია და არც ის დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობდა თუ ადმინისტრაციულით.

თურქული მედიის ცნობით დაკავებულები მალევე გაათავისუფლებს. შსს-ში არც ამ ცნობაზე გაუკეთებიათ კომენტარი.

26 ნოემბერს, ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები და ის პოლიციელებს ესროლეს. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი.