„პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის შესანიშნავია ხმაა, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამ ხმის ეშინია“, — ასეთი იყო ევროპარლამენტში, პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების საკითხზე გამართულ დებატებზე გამომსვლელთა უმეტესობის სულისკვეთება.
ევროპარლამენტარებმა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს და ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისევე როგორც წევრ სახელმწიფოებს, „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ისაუბრა პაატა მანჯგალაძის შვილთან, ნინი მანჯგალაძესთან მის შეხვედრაზეც.
„ნინიმ გვითხრა, რომ მისი მამა 16 კვადრატული მეტრის საკანს ხუთ სხვა პატიმართან ერთად იყოფს. მან ციხიდან გზავნილი გამოგვიგზავნა: „ევროპა საქართველოს სახლია“. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა მხარდაჭერისთვის. სხვა პატიმრებს შორის ბევრი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლობამაც შესაძლოა მთელ მათ ცხოვრებაზე იქონიოს გავლენა და გაურთულოს სწავლა და სამსახურის პოვნა. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. ამ შაბათს ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენც ისეთივე შეუპოვრები ვიყოთ, როგორც ისინი არიან და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის წართმევაზეა პასუხისმგებელი“, — განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ესპანელი ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატებიდან, ნაჩო სანჩეს ამორმა თქვა, რომ სანქციების მიმართულებით მოქმედება ევროკავშირს უფრო ადრე უნდა დაეწყო.
„გამაფრთხილებელ ნიშნებს გაცილებით ადრე ვხედავდით. მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება გვმართებდა. თუმცა, ჩვენ საჩუქრები დავარიგეთ და შემდეგ, რამდენიმე თვის თავზე, აშკარა ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა ვიხილეთ. ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გაჭრის, სანქციებია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბრიუსელში საქართველოს კონტექსტში ზმნა „სანქცირება“ მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში გამოიყენება. მაგრამ რა ხდება დემოკრატიის მხარდაჭერაზე? გვჭირდება სანქციების პაკეტი საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ”, — თქვა მან.
„პაატა ბურჭულაძე თავისი ხმის სიძლიერით გახდა ცნობილი. მისი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული საოპერო მომღერლის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე საოპერო თეატრებს ავსებდა, მაგრამ დღეს მისივე მთავრობა ცდილობს ამ ხმის ჩახშობას ყალბი ბრალდებებით მისი ციხეში გამოკეტვით“, — თქვა ტობიას კრემერმა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან.
„რა არის მისი დანაშაული? ის, რომ გაბედა ხმის ამოღება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს საქართველო ევროპული დემოკრატიიდან კრემლის ჩრდილქვეშ მყოფ ბელარუსული სტილის რეჟიმად აქციოს. მაგრამ პაატა მარტო არ არის. ქართველების 80%-ს კვლავ ევროპული მომავალი სურს. და უკვე თითქმის ზუსტად ორი წელია, ისინი ამისთვის ქუჩაში გამოდიან. მასწავლებლები, ექთნები, მუშები, ხელოვანები — დღედაღამ ხმას იმაღლებენ და მშვენივრად იციან, რომ ამით ცემის, თავდასხმის ან პაატასა და მზია ამაღლობელის მსგავსად დაპატიმრების რისკზე მიდიან. და მაინც, ისინი არ ნებდებიან. ნურც ჩვენ მივატოვებთ მათ. გვერდით დავუდგეთ საქართველოს პოლიტპატიმრებს, დავუწესოთ მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ზეწოლა ამ რეჟიმზე მანამ, სანამ პაატას ხმა და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაისმება დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში“, — განაცხადა კრემერმა.
ეს პოზიცია გაიზიარა ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმაც (Renew Europe) და მიუთითა, რომ ბურჭულაძე ამავდროულად ავსტრიის მოქალაქეც არის.
„პაატა ბურჭულაძის შესანიშნავი ბანი ავსებდა საოპერო თეატრებს ვენიდან კოვენტ-გარდენამდე და ლა სკალამდე, მაგრამ საქართველოს ოლიგარქებს მისი ხმის ეშინიათ. რატომ? იმიტომ, რომ მან თავისუფლება და დემოკრატია მოითხოვა. ქართველები — ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც — ქუჩაში გამოდიან. მათ საქართველოსა და ევროპის დროშები უჭირავთ და ასევე მღერიან „სიხარულის ოდას“, ეს ამ ერის სიმამაცის გამორჩეული გამოვლინებაა. ჩვენ ვიცნობთ რუსულ პროქსი-ძალებს. ადრე თუ გვიან ისინი ეცემიან. ეს ვნახეთ უნგრეთში, სერბეთსა და სირიაში, სადაც მოსკოვის კლიენტები ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ. ამიტომ მოდით, მივიღოთ ეს რეზოლუცია. მოვითხოვოთ პაატას დაუყოვნებელი გათავისუფლება. და ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარმა დავორ ივო სტიერმა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა გაიხსენა როგორც ასევე მუსიკოსი და თქვა, რომ ივანიშვილი მას ციტირებდა, თუმცა ახლა სხვა მუსიკოსს, პაატა ბურჭულაძეს დევნის.
„განა საქართველომ ასეთი მდგომარეობა დაიმსახურა? განა ასეთი მომავლისთვის იბრძოლა? განა ესაა ქართული ოცნებაა? სინამდვილეში, ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ის კოშმარად იქცა. ევროპას კარგად ახსოვს ის დრო, როდესაც კომუნისტური რეჟიმები აპატიმრებდნენ ხელოვანებსა და ინტელექტუალებს, როგორებიც იყვნენ ვაცლავ ჰაველი ან, მაგალითად, ხორვატიაში ვლადო გოტოვაცი, და ამიტომ ვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის უპირობო გათავისუფლებას, ხოლო საბჭოსგან ვითხოვ მიზნობრივი სანქციების დაწესებას პოლიტიკურ დევნაზე პასუხისმგებელთა წინააღმდეგ“, — თქვა მან.
ევროპარლამენტში ბურჭულაძის საქმეზე ადამიანის უფლებების დარღვევის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საქმეებზე დებატების ფარგლებში იმსჯელეს. დებატებზე გამომსვლელ 15 სპიკერს შორის ერთადერთი, ვინც ტრადიციულად „ქართული ოცნების“ პოზიციები დაიცვა, იყო ტიერი მარიანი — მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია „ეროვნული გაერთიანების“ წევრი, რომელიც ევროპარლამენტში „პატრიოტები ევროპისთვის“ ჯგუფს წარმოადგენს. მარიანიმ თქვა, რომ ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა არალეგიტიმურად გამოაცხადეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, წაახალისეს აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესასვლელად და შეეცადნენ კონსტიტუციური წეს-წყობილების დამხობას.
ევროკომისიის პოზიციას წარადგინა ჰენა ვირკუნენმა — ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც პასუხისმგებელია ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე და ასევე, არის ევროკომისარი ციფრული და მოწინავე ტექნოლოგიების საკითხებში.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და დაკავებებს. 2024 წლიდან საქართველოში დაფიქსირდა დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის ძალიან სერიოზული დეგრადაცია. 2026 წლის გაფართოების ანგარიშში აღინიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზია, სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებზე მზარდი ზეწოლა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება, ასევე მტრული ანტიევროპული რიტორიკა და დეზინფორმაცია“, — განაცხადა ევროკომისარმა.
ვირკუნენის თქმით, ამ კონტექსტში ევროკომისია ასევე აკვირდება პაატა ბურჭულაძის საქმეს და ვინაიდან მისი სააპელაციო საჩივარი განხილვის პროცესშია, საქართველოს მოუწოდებს, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო, სათანადო სამართლებრივი პროცედურა და პატიმრობის სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებების დაცვით.
„ევროკავშირი კვლავ ერთგული რჩება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. სამწუხაროდ, ბოლო წლების მოვლენები ქვეყანას ევროკავშირის გზიდან აშორებს. გაფართოება არის და დარჩება პროცესად, რომელიც სრულად არის დამოკიდებული თითოეული პარტნიორის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფუნდამენტური საკითხებით იწყება. თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გააუქმოს ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი და ჩაერთოს არსებით დიალოგში ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარესთან. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას“, — განაცხადა ჰენა ვირკუნენმა.
ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან კვლავ დაბრუნებას აირჩევს.
ამ თემაზე:
