ქუთაისი-ბერლინის რეისზე (W6 7909) მგზავრის შეუძლოდ გახდომის გამო, თვითმფრინავი უკან მობრუნდა, არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით ხომალდმა ქუთაისში დაშვება ვერ მოახერხა და თბილისის აეროპორტში დაჯდა.
მომხდარზე ავიაკომპანია Wizz Air-მა განცხადება გაავრცელა:
“Wizz Air ადასტურებს, რომ 2026 წლის 24 ნოემბერს ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით შესრულებული რეისი W6 7909 ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისის მიმართულებით გადამისამართდა. ეკიპაჟმა თავდაპირველად ქუთაისში დაბრუნება სცადა, თუმცა არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების გამო უსაფრთხო დაშვება ვერ მოხერხდა. შედეგად, საჰაერო ხომალდი თბილისში გადამისამართდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
მომხდარის შედეგად, რეისი W6 7909 ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით, ასევე ბერლინიდან ქუთაისის მიმართულებით დაგეგმილი დაბრუნებითი რეისი, 2026 წლის 25 ნოემბრისთვის გადაიდო. გადამისამართებული რეისის მგზავრები ავტობუსებით ქუთაისში დაბრუნდებიან, ხოლო ცვლილებებით დაზარალებულ მგზავრებს განახლებული სამგზავრო განრიგის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ. Wizz Air-ისთვის მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს”, – აღნიშნულია უნგრული ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ტურბულენტობის გამო გუშინ სტამბოლი-თბილისის რეისიც გადაიდო. მოქალაქეები ვიდეოს სტამბოლის აეროპორტიდანაც ავრცელებენ. მათი თქმით რეისები 25-26 ნოემბრისთვის გადაიდო.

