ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი), რომელიც ბოლო პერიოდში ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს, დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრა.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა 23 ნოემბერს, ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესია ერის გამაერთიანებელი უნდა იყოს და ვერც ხელისუფლებასთან და ვერც ოპოზიციასთან დაპირისპირებული ვერ იქნება.

„მე სულ ვამბობ, რომ ქვეყნის მართვის სხვა მოდელი უნდა შეიქმნას საქართველოში. ჩვენი ქვეყანა უნდა მართოს როგორც ერმა, ისე ბერმა. ჩვენ არ უნდა მივბაძოთ მართვის სხვა მოდელებს, რაც უცხოეთშია. ჩვენ, ქართველები, გამორჩეული ერი ვართ. საზეპურო უწოდა უფალმა, მე არ ვიცი, რომელ ქვეყანას უწოდა სხვას…

ერთი რამ გვაკლია, ერთობა უნდა გვქონდეს. ცხონებული ილია მეორე ხშირად ამბობდა, რომ ერთსულოვნებაა საჭირო. ჩვენ ერთსულოვანი უნდა ვიყოთ, არ უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს.

დიალოგი რისთვის არსებობს, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ. რა გვჭირს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული, ვერც პოზიციასთან და ვერც ოპოზიციასთან, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ერი. ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. ჩვენ თუ ღვთის მსახურები ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი გავაერთიანოთ.

ვთქვათ, მოდიან ჟურნალისტები სახელისუფლებო მხრიდან, ტელევიზიებიდან, და ოპოზიციის მხრიდან, სასულიერო პირმა არცერთთან არ უნდა გააკეთოს კომენტარი რომელიმე მხარის მხარდასაჭერად. ნებისმიერ ტელევიზიასთან ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. თუ პოზიციის მხილებაა საჭირო, უნდა ვამხილოთ, ოღონდ სიყვარულით, არა სიძულვილით. თუ ოპოზიციაა სამხილებელი, უნდა ვამხილოთ. უშეცდომო არავინ არაა ამქვეყნად. ცოდვა ყველას გვაქვს, მაგრამ ქრისტიანობის არსი რაში მდგომარეობს, რომ სიყვარულით უნდა მივმართოთ სხვას. გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, და ის ნაკლოვანებები, რაც ჩვენ გვაქვს, მოყვასს ექნება, მთავრობაში იქნება თუ ერში იქნება, და არა სიძულვილით“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

მიტროპოლიტი იობის თქმით, არ შეიძლება სასულიერო პირმა, როგორც პოლიტიკოსმა, რაღაც პოზიცია დაიკავოს.

„ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ სიყვარულზე დავაფუძნოთ ჩვენი ურთიერთობა ოპოზიციასთანაც და პოზიციასთანაც. არ შეიძლება სასულიერო პირმა, როგორც პოლიტიკოსმა, რაღაც პოზიცია დაიკავოს და მტკიცედ დაიცვას ეს.

აუცილებელია, თუკი გამოსწორდება, თუკი დავინახავთ, რომ წინსვლა არის, თუკი დავინახავთ, რომ კეთილად წარიმართება ჩვენი ქვეყნის მომავალი, იმ ხელისუფალს დავუჭერთ მხარს, რომელიც ამას გააკეთებს. მადლობა უფალს, არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩიხში შევიდეთ და რაღაც პოზიციები განვამტკიცოთ. საუბრით, ურთიერთობით ყველაფერი მოგვარდება.

ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. თუ ჩვენ დაპირისპირებაში შევალთ, ჩავთვალოთ, რომ ეშმაკის მხარეს ვდგავართ. თუ გაერთიანებას ვუწყობთ ხელს, ჩავთვალოთ, რომ ღვთისმსახურები ვართ და ღმერთის მხარეს ვართ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.


10 ნოემბერს მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“. მისივე თქმით, „საქართველოში კორუფცია ყვავის“.

მიტროპოლიტ იობის კრიტიკულ განცხადებებს „ქართული ოცნების“ წევრები გამოეხმაურნენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა თქვა, რომ მიტროპოლიტის განცხადება უპასუხისმგებლობაა. „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა მარიამ ლაშხმა თქვა, რომ მიტროპოლიტ იობს ღმერთმა შეუნდოს.

მიტროპოლიტ იობის კრიტიკის პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებთან საჯარო პოლემიკაში შესვლას არ აპირებს. მისი შეფასებით, მსგავსი საჯარო დაპირისპირება დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა და წარსულში მთავარი პროკურორის მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა კი მიტრიპოლიტ იობს აგინა.

„იობ ტვაიუ მაწ რა… (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)“, – მიმართა მიტროპოლიტ იობს ლაშა ნაცვლიშვილმა სოციალური ქსელიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი მიტროპოლიტ იობის გინებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა.