ბლოგერსა და სამოქალაქო აქტივისტს, თორნიკე რაზმაძეს, რომლის დისკრედიტაციის მიზნითაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიდეოებს ავრცელებენ, იუთუბერები და სპორტული კომენტატორები სოლიდარობას უცხადებენ.
იუთუბერი და სპორტული კომენტატორი ტატო ბაციკაცე აცხადებს, რომ რეჟიმი ცდილობს გაანადგუროს ნებისბმიერი, ვინც მისი ყურმოჭრილი მონა არაა და აწუხებს, თორნიკე რაზმაძე კი რეჟიმს მაგრად აწუხებს.
„პატიმრების გამოსვლით გამოწვეული სიხარულის პარალელურად, ნუ დაგვავიწყდება რეალურად რამხელა ბოროტებას ვეჩეხებით ლამის ყოველდღე ამათი შექმნილი ამ სისტემის სახით.
ადამიანების რეპუტაციის და ლამის ფიზიკურად განადგურებისკენ მომართული ამხელა პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ათასობით დოლარს ხარჯავს ამ ყველაფერში და ცდილობს ნებისმიერი ადამიანის განადგურებას, რომელიც რეჟიმის ყურმოჭრილი მონა არაა და რეჟიმს აწუხებს… თორნიკე კი რეჟიმს მაგრად აწუხებს“, – წერს ტატო ბაციკაძე.
იუთუბერი და სპორტული კომენტატორის, გიორგი კალატოზის თქმით, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიით პროპაგანდა მას საფრთხეში აგდებს.
„პროპაგანდის მხარეს მდგომები იქნებ დაფიქრდეთ, რა ხდება თორნიკე რაზმაძის ირგვლივ. თორნიკე პრაქტიკულად ერთ-ერთი პირველია, ვისაც უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით დაუპირისპირდნენ. იქნებ გადაიაზროთ რამხელა ტრავმაა ეს ადამიანისთვის, რამხელა საფრთხეში აგდებთ. იქნებ თავის დაშტერების და დაბრმავების პოლიტიკა ოდესღაც დაასრულოთ. ეს ამხელა ბოროტება არსად არ წავა, ეს ამდენი ნაგავი და სიბინძურე ყველას დაგსვრით, ვინც ახლა სუფთად ხართ. ამ ბრძოლაში მარტო მტერს არ დავტოვებ, არამცთუ ასეთ გულწრფელ და მართალ ადამიანს.
თორნიკე რაზმაძე, შეიძლებ ხანდახან გავიწყდებოდეს, მაგრამ მარტო არხარ და სულ გახსოვდეს ეგ“, – წერს გიორგი კალატოზი.
საქართველოში ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბი მის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ვიცე-პრეზიდენტს თორნიკე რაზმაძეს მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველოში ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე რაზმაძე პროსახელისუფლებო პირებისა და ტროლების მხრიდან ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო შეტევის მსხვერპლი გახდა.
ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები, რომლებშიც თითქოსდა თორნიკე ჩანს და რომლებიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. გარდა ამისა, ფეისბუქ ჯგუფებში ვრცელდება თორნიკეს პირადი ინფორმაცია.
ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ თორნიკე რაზმაძეს“, – ნათქვამია ბარსელონას ფანკლუბის განცხადებაში.
ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოები ვრცელდება.
„მითების დეტექტორის“ მიერ გადამოწმებული ცნობებით, ვიდეოებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები ავრცელებენ. მაგალითად, ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა „პოლიტიკანი“ (არქივი) თორნიკე რაზმაძის სახელით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის, თითქოსდა, ნარკორეალიზატორს მიმართავს და აცხადებს, რომ მასთან სურს კურიერად „პლანზე, 1-გრამიანებზე” მუშაობის დაწყება. ვიდეოს თან ერთვის კომენტარი: „ახლა უკვე გასაგებია, რატომ დაძმაკაცდა ახობაძესთან”.
