უკრაინაში, ქალაქ კრივოი როგში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად გამსახურდიას სახელობის კავკასიის ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.
„გილოცავთ!
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი გაცოცხლდა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში — უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქში!
დღეს, ზვიად გამსახურდიას სახელობის კავკასიის ლეგიონის ინიციატივით, უკრაინაში, ქალაქ კრივოი როგში, პირველად გაიხსნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა.
მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, რომელმაც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის განხორციელებაში.
განსაკუთრებული მადლობა:
ქალაქ კრივოი როგის ხელმძღვანელობას;
იჩქერიის ხელისუფლების წარმომადგენლებს;
კავკასიის ლეგიონის თითოეულ მებრძოლს;
ქართულ დიასპორას.
რომ არა ზვიად გამსახურდიას ბრძოლა და მისი ისტორიული ღვაწლი, დღეს საქართველო, შესაძლოა, კვლავ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფილიყო და ქართველ ხალხს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ბედის თავად განსაზღვრის შესაძლებლობა არ ჰქონოდა.
მადლობა ღმერთს, რომ არსებობს თაობა, რომელმაც იცის საქართველოს ტრაგიკული ისტორიის ფასი, აფასებს თავისუფლებას და სათანადოდ სცემს პატივს ჩვენი ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებას.
ჩვენ გვახსოვს ჩვენი ისტორია, გვახსოვს ჩვენი გმირები და ვიბრძვით თავისუფლებისთვის!
დიდება საქართველოს“, – წერს ლადო გამსახურდია.
