ვარდების რევოლუციიდან 23 წელი გავიდა. დღესაც საქართველო უფრო ღარიბია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიანი ბულგარეთი, თუმცა მდგომარეობა ბევრად მძიმე იყო 2003 წელს, როდესაც ჩაბნელებულ ქვეყანაში 14-ლარიანი პენსია პერიოდულად იყინებოდა, კორუფცია ყველა დონეზე იყო მოდებული და ახალგაზრდები კრიმინალურ კარიერაზე ოცნებობდნენ.

2 ნოემბრის არჩევნები

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლებო ბლოკს („ახალი საქართველოსთვის“) ყოფილი თანაგუნდელები დაუპირისპირდნენ. წარმოდგენა რომ შეიქმნას რა მხარდაჭერა ჰქონდა იმდროინდელ ხელისუფლებას, ამის ასახსნელად ერთი ფაქტიც საკმარისია, 1.5 წლით ადრე, 2002 წლის 2 ივნის ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში მოქალაქეთა კავშირმა 4%-იანი ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლო.

პარალელური დათვლის თანახმად, 2003 წლის არჩევნებზე პირველ ადგილს ნაციონალური მოძრაობა იკავებდა, ცესკო-ს თანახმად კი ის მესამეზე გავიდა. სხვაობა აჭარიდან წამოსული ხმების ხარჯზე ყველაზე დიდი „აღორძინების“ შემთხვევაში იყო. ეს ფაქტი უბრალო ცდომილებით ვერ აიხსნებოდა. აღსანიშნავია, რომ პარალელური დათვლის თანახმადაც კი ნაციონალურ მოძრაობასა და ბურჯანაძე-დემოკრატებს ერთად 37% ჰქონდათ რაც მთავრობის ჩამოყალიბებისთვის არასაკმარისი იყო, თუ მათ ლეიბორისტები, მემარჯვენეები ან მაჟორიტართა ნაწილი არ შეუერთდებოდა.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცესკოსა და პარალელური დათვლის მიხედვით

არჩევნების ოფიციალური შედეგების პროტესტი ქუჩაში 4 ნოემბერს დაიწყო და შევარდნაძის გადადგომამდე, 23 ნოემბრამდე გაგრძელდა. მაინც რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში ასეთი რომ ხალხი გამოვიდა და აღარ დაიშალა?

მშპ 2003 წელს

2003 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2015 წლის მუდმივ ფასებში დათვლით $1980-ს შეადგენდა, ანუ ამჟამინდელთან შედარებით 3.7-ჯერ ნაკლებს. ამ მაჩვენებლით იმდროინდელი საქართველო ბოლივიას და ესვატინსაც ჩამორჩებოდა. საქართველოს ჯამში 135-ზე მეტი ქვეყანა უსწრებდა.

პენსიები 2003 წელს

ეკონომიკურო მდგომარეობის შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ასაკობრივი პენსიაა რომელიც 14 ლარს შეადგენდა. იმდროინდელი 14 ლარი მსყიდველუნარიანობით 2026 წლის 45 ლარს უდრის. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ საქსტატი ფასებს არასწორად ითვლის, რეალურად ცხოვრება 4-ჯერ ან 5-ჯერ გაძვირდა. დაშვება რომ 2003 წლის 14 ლარი მსყიდველუნარიანობით 2026 წლის 45 ლარს კი არა 60 ან 70 ლარს უდრის, არსებითად ბევრს ვერაფერს ცვლის, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც არც თუ ისე იშვიათად ის 14-ლარიანი პენსიაც იყინებოდა ხოლმე.

სახელმწიფო ბიუჯეტი 2003 წელს

2003 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა შემოსულობების (ყველა შემოსავალი ერთად) ნაწილში 947 მლნ ლარი შეადგინა.  გეგმა წინა წლების მსგავსად მიახლოებითაც ვერ შესრულდა. „ბიუჯეტის სეკვესტრი“ ეს ის სიტყვათა შეთანხმებაა, რომელიც დღეს ბევრს გაგებულიც არ აქვს, 90-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისის საქართველოში კი თითქმის ყოველდღიურ სასაუბრო თემას წარმოადგენდა.

იმდროინდელი ბიუჯეტი, იმდროინდელ ეკონომიკასთან მიმართებითაც კი მცირე იყო. შემდგომ წლებში გადასახადების რაოდენობის 21-დან 6-მდე შემცირების ფონზე ბიუჯეტი ეკონომიკაზე მეტად გაიზარდა. ამ ერთი შეხედვით პარადოქსული მდგომარეობის მიზეზი ჩრდილოვანი ეკონომიკა და სახელმწიფოს უძლურება გახდა, ამოეღო გადასახადები.

ბიუჯეტის ვერშესრულების შედეგად, მიზერული ხელფასებისა და პენსიების გაცემაც პრობლემა ხდებოდა. ვერ ხერხდებოდა ვერც ჯარის გადაიარაღება, ვერც გზის დაგება და ვერც სხვა რომელიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება.

ხელფასები 2003 წელს

2003 წელს, ასევე ოფიციალური მონაცემებით საშუალო ხელფასი 126 ლარს შეადგენდა. ისევე როგორც დღეს, მაშინაც ეს რიცხვი დასაბეგრ თანხას აღრიცხავდა, რასაც საშემოსავლო აკლდებოდა, თანაც საშუალო მაშინაც საშუალო იყო, ანუ დასაქმებულთა ნაწილს და არც თუ ისე მცირე ნაწილს ის 126 ლარიც არ ჰქონდა. პენსიების მსგავსად, საჯარო სექტორში ხელფასებიც იყინებოდა. პერიოდულად სკოლის მასწავლებლები კუთვნილი 50-60 ლარიანი ხელფასის მოთხოვნით გაფიცვას აწყობდნენ. თუ პირდაპირ გადავიანგარიშებთ, 2003 წლის 126 ლარი მსყიდველუნარიანობით 2026 წლის 405 ლარს უდრის, მაგრამ ბევრს 126 ლარიც არ ჰქონდა ხელფასად.

დენი, გაზი და წყალი 2003 წელს

ელექტროენერგია ქვეყანას გრაფიკით მიეწოდებოდა. ზაფხულში, როდესაც ჰესების გამომუშავება იზრდებოდა, გრაფიკი ყოველთვის არა, მაგრამ მაინც ასე თუ ისე სრულდებოდა, ზამთარში მდგომარეობა უარესდებოდა. რეგიონები დღეები, ხშირად კვირები და ზოგჯერ თვეებიც კი იყო მუდმივად ჩაბნელებული. არსებობდა ტერმინი „შუქი მოვიდა“ და არა „შუქი ჩაქრა“ დენის მოსვლა უფრო გასაკვირი იყო, ვიდრე მისი წასვლა.

ბუნებრივ გაზზე კიდე უფრო რთული მდგომარეობა იყო. თუ დენი მოსახლეობას დარღვეული გრაფიკით მიეწოდებოდა, გაზი რეგიონების დიდ ნაწილში უბრალოდ აღარ იყო. 90-იანებში ტყეები გასათბობად გაიჩეხა.

რეგიონების ნაწილში წყალზე ზრუნვაც მოსახლეობას თავად უწევდა. დასალევი წყალი ოჯახში ვის მანქანით, ვის ზურგით მიჰქონდა.

კორუფცია

კორუფცია ყველა დონეზე იყო მოდებული. “გაიშნიკები” მძღოლებს 1-2 ლარს დარღვევის არქონაზე ართმევდნენ, ნამდვილი დარღვევის შემთხვევაში მორიგების შემდეგ ხშირად ოფიციალური ჯარიმის ნახევარ ფასში გამოდიოდნენ. პირადობის, განსაკუთრებით კი პასპორტის ასაღებად ხშირად ქრთამი ხდებოდა საჭირო. ქრთამით მართვის მოწმობის აღებაც ხერხდებოდა. უნივერსიტეტში ე.წ. უფასოზე სწავლა ხშირად ფასიანზე ძვირი ჯდებოდა.

სხვა ეკონომიკური პარამეტრები

არასათანადო აღრიცხვისა და მეთოდოლოგიური ცვლილებების გამო ზოგიერთი ეკონომიკური პარამეტრის გახსენება რთული ან შეუძლებელია. უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა და დღევანდელი მასთან არ დარდება. ასევე უცნობია, რეალურად მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2003 წელს. 90-იანი წლების მტკივნეული გამოცდილების გამო, ვისაც საშუალება ჰქონდა, მათი დიდი ნაწილიც კი დანაზოგს სახლში ინახავდა და არა ბანკში. დაკრედიტებაც უფრო ძვირი იყო, ვიდრე დღეს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მიზერულ თანხებს შეადგენდა. რთულია ფულადი გზავნილების ოდენობის დადგენაც, რადგან თანხების დიდი ნაწილი გზავნილების სისტემების (ვესტერნ იუნიონი, ინტე ექსპრესი) გვერდის ავლით ფიზიკური სახით ტრანსპორტირებით ხორციელდებოდა.