„ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის“ რეპროდუქციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „ოცნების“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სუროგაცია საქართველოში სრულად უნდა აიკრძალოს და სვამს კითხვას, რატომ ხდება პირდაპირ აკრძალვაზე გადასვლა, როცა შემუშავებული რეკომენდაციების საჯაროდ განხილვა არ მომხდარა.
ექიმის თქმით, არსებობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა და მის საფუძველზე შემუშავებული 33 რეკომენდაცია. გარდა ამისა, ჯანელიძე ამბობს, რომ საუბარი დაწყებული იყო ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან.
„სუროგაციის რეგულირებაზე საუბარი უკვე დაწყებულია. რატომ უნდა გადავიდეთ აკრძალვაზე, სანამ შემუშავებულ რეკომენდაციებს საჯაროდ განვიხილავთ? როგორც რეპროდუქტოლოგი, ამ სფეროში 20 წელია ვმუშაობ.
პრაქტიკაში კარგად ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია მკაფიო წესები, რომლებიც დაიცავს სუროგატი ქალის ჯანმრთელობასა და უფლებებს, ბავშვის ინტერესებს და მომავალი მშობლების სამართლებრივ უსაფრთხოებას. ასეთივე სიცხადე სჭირდებათ კლინიკებსაც, რომ იცოდნენ, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ და რაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა.
ამიტომ ოპტიმიზმით შევხვდი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას და მის საფუძველზე შემუშავებულ 33 რეკომენდაციას. დოკუმენტი სუროგაციისა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების რეგულირებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გვთავაზობს. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ საუბარი ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთანაც დაიწყო.
ამ ფონზე, როცა საჯაროდ სუროგაციის აკრძალვაზე საუბრობენ, ჩემთვის მთავარი კითხვაა, რა შეფასებას ეფუძნება ეს მიდგომა. რა რისკების შემცირებას ველით აკრძალვით? რა გავლენას მოახდენს ის ქალებზე, ბავშვებსა და ოჯახებზე? როგორ შეფასდა ამავე რისკების შემცირების შესაძლებლობა უკვე შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე?
ჩემი პოზიციაა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ეს 33 რეკომენდაცია საჯაროდ უნდა განვიხილოთ. ამ პროცესში უნდა მოვისმინოთ სუროგატი ქალების, ოჯახების, ექიმების, იურისტებისა და შესაბამისი უწყებების ხედვები. სწორედ ამ განხილვის საფუძველზე შეგვიძლია შევაფასოთ, რომელი წესები დაიცავს მონაწილეთა უფლებებს, როგორ გაკონტროლდება მათი შესრულება და რა შედეგებს უნდა ველოდოთ თითოეული გადაწყვეტილებისგან“, – წერს ექიმი.
22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე. მან დააზუსტა, რომ სუროგაცია სრულად აიკრძალება. მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე უკვე მუშაობენ და მას მალე მიიღებენ.
„ოცნების“ წევრი ამბობს, რომ აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან.
დღევანდელი განცხადებით მიხედვით, ცვლილებები არ შეეხება „ინ ვიტრო“ განაყოფიერებას, რომელიც მკაცრი რეგულირების ქვეშაა. იხილეთ:
