რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 21 ნოემბერს მოსკოვში გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან. დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე.
რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, რუსეთის პატრიარქმა ისაუბრა „მართლმადიდებლების გაყოფაზე“, აღნიშნა საქართველოს ეკლესიის დადებითი როლი და მნიშვნელობა, „რომელიც კანონიკური სიმართლის მხარეს დგას“.
რუსეთის საპატრიარქომ გაავრცელა მიტროპოლიტ თეოდორეს ციტატაც, რომელმაც, ამ ცნობის მიხედვით, თქვა:
„თქვენ იცით, რომ ჩვენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის ვიცავდით და და გავაგრძელებთ კანონიკური სამართლის დაცვას. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვინც არ არის ხელდასხმული და ჩვენ არ დავემორჩილებით არავითარ ზეწოლას. ძალიან გვიხარია, რომ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ასევე მტკიცედ იცავთ მართლმადიდებლობას და ჩვენ თქვენთვის ვილოცებთ“, – ციტირებს რუსეთის საპატრიარქო.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს:
„მე ვესაუბრე ჩვენი დელეგაციის წევრებს დღეს, როგორც მითხრეს, უკრაინაზე არ იყო ამ შემთხვევაში საუბარი“, – გვითხრა ანდრია ჯაღმაიძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ არა უკრაინას, მაშინ რომელ ქვეყანას ეხებოდა ციტატა, ანდრია ჯაღმაიძე გვპასუხობს, რომ გავრცელებულ ცნობაში არ ჩანს ქვეყანას მიემართებოდა ეს ფრაზა თუ კერძოდ ვინმეს. მისივე თქმით, სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.
უკრაინის ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა 2018 წლის 15 დეკემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე.
უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა.
რუსეთმა, რომელიც თავშივე ცალსახად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ავტოკეფალიის იდეას, კავშირი გაწყვიტა როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ისე დანარჩენი სამი ეკლესიის მეთაურებთან. საქართველოს ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ამ დრომდე არ უღიარებია.
იხილეთ ასევე:
