„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, ქუთაისში ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში შეამოწმეს, რის შემდეგაც ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.
„ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმიური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.
დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.
აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!
გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.
თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე: 16 114“, – აცხადებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ .
21 ნოემბერს ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ერთი ქალია დაშავებული.
ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, ქალმა, რომელიც კორპუსის აფეთქებისას დაშავდა, განაცხადა, რომ გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
ქუთაისის მერის თქმით, სავარაუდოდ, 15 ოჯახს დასჭირდება აღნიშნული კორპუსიდან გაყვანა, რომელთათვისაც მერიას სასტუმროები უკვე მოძიებული აქვს.
