ქუთაისში კორპუსის აფეთქებისას დაშავებული 74 წლის ქალია, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც ექიმმა მედიასთან განაცხადა, დაშავებულ ქალს სხეულის 12% აქვს დამწვარი.
ექიმის თქმით, ამ ეტაპისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას ქრონიკული დაავადებები და ასევე თერმოინჰალაციური დაზიანება აქვს, რაც მის მდგომარეობას ამძიმებს.
„74 წლის ქალბატონი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. პაციენტს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა-მონიტორინგი.
ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, აქვს ასევე თერმოინჰალაციური დაზიანება, რაც მის სიმძიმეს განაპირობებს. ამიტომ ჯერჯერობით არ შემიძლია ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ექიმმა.
21 ნოემბერს ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ერთი ქალია დაშავებული.
ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, ქალმა, რომელიც კორპუსის აფეთქებისას დაშავდა, განაცხადა, რომ გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
ქუთაისის მერის თქმით, სავარაუდოდ, 15 ოჯახს დასჭირდება აღნიშნული კორპუსიდან გაყვანა, რომელთათვისაც მერიას სასტუმროები უკვე მოძიებული აქვს.
