თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელი იქნება ფონიჭალაში მდებარე იმ კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი, სადაც აფეთქება მოხდა.
კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი მზად არის, დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, კორპუსის დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა შესთავაზოს.
„28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის. რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში განაგრძობენ ცხოვრებას, თუ მათაც ექნებათ სურვილი ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი, 3 წლის ბავშვი გადარჩა. დაღუპულთაგან სამი ქალია, ერთი კაცი და ორი ბავშვი. ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები თითქმის 14 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
