მინსკში გაიმართა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის პირველი შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომდგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის.
მოსკოვის ცნობით, მხარეებმა „სიღრმისეულად განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები, რაც მანამდე პირდაპირი დიალოგის განსახილველ საკითხთა შორის არ ყოფილა და ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნებოდა.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას. მიღწეულ იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმება. ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ორივე დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ბელარუსული მხარის მიმართ რუსულ-ქართული შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. მიღწეულ იქნა შეთანხმება კონტაქტების გაგრძელების თაობაზე, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თბილისს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ირაკლი კობახიძემ 21 ოქტომბერს დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი და მის ახალ ამოცანად „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც“ დაასახელა.
ეს თბილისის მხრიდან რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგის და მანდატის ზრდას ნიშნავს, რადგან ამ დრომდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმადგენელი მოსკოვთან არაფორმალურ დიალოგს სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებზე აწარმოებდა, კონფლიქტის თემა კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განსახილველ საკითხად რჩებოდა. ასევე, მანამდე, აბაშიძე-კარასინის შეხვედრებად წოდებული, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ადგილად პრაღა იყო განსაზღვრული.
რუსეთს, დიდი ხანია, სურს ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანა.
