აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ჩინეთში გამართული სამმხრივი შეხვედრების შემდეგ მშვიდობის თაობაზე ერთობლივი დეკლარაცია გამოსცეს.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სამივე სახელმწიფოს მეთაურებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები მიმდინარე საერთაშორისო ვითარებაზე და სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი ერთგულება გამოთქვეს.
ოთხპუნქტიანი დოკუმენტში წერია:
- როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა აიღეს ვალდებულება გაეროს რეფორმირებაზე, რათა გაერომ უფრო ეფექტურად უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მის ფუნდამენტურ მისიას.
- სამი ქვეყანა გეგმავს ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას ყველა ერის სასარგებლოდ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტაბილური ენერგომომარაგების მნიშვნელობა.
- სამი სახელმწიფოს მეთაურები აღიარებენ, რომ სახელმწიფო თანხმობის პრინციპი და სახელმწიფო თანამდებობის პირთა იმუნიტეტის პატივისცემა უმნიშვნელოვანესია და თანხმდებიან, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა ორგანოებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ თავიანთი იურისდიქცია.
- სამივე სახელმწიფოს მეთაურებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასდროს არ უნდა დაიწყოს. სამი ქვეყანა დიალოგს გამართავს ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან აცილების შესახებ.
სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართა. დისკუსია საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. მანამდე, სი ძინპინმა ცალ-ცალკე უმასპინძლა ტრამპს და პუტინს. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ორმხრივ ფორმატშიც შეხვდნენ ერთმანეთს.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ „დიდ სახელმწიფოებს შორის პოზიტიური ურთიერთქმედება არჩევანის საკითხი კი არა, სავალდებულო მოთხოვნაა“, ტრამპმა კი დასძინა, რომ მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს პროდუქტიული დიალოგის შენარჩუნების „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ ეკისრებათ.
