პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილი სისტემური დანაშაულები პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით რელევანტური არაა.
ამის შესახებ მან დღეს, 19 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე „ქართული ოცნების“ კითხვის პასუხად განაცხადა.
„ოცნების“ წევრებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰკითხეს, იყო თუ არა ენმ-ის ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის.
ბერდია სიჭინავას თქმით, თუ მიზანი ისაა, რომ რეტროსპექტიულად შეფასდეს როგორი მმართველობა იყო 2004-12 წლებში, ეს პოლიტიკური განხილვის საგანია.
„რა თქმა უნდა იყო მნიშვნელოვანი დარღვევები. შეიძლება იყოს სისტემური დარღვევები, მაგრამ აქ ჩნდება ძალიან დიდი [კითხვა] – რა არის სისტემა? აქ სტატისტიკას აწარმოებდა მოსარჩელე მხარე და საუბრობდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებამდე საქმე რომ მივიდეს, შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები უნდა გაიაროს ხომ სამართლებრივმა.
სად იყო ხელისუფლების ის რგოლი, რომელსაც უნდა დაეზღვია ეს სისტემური პრობლემები? სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის მესამე ხელისუფლება, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შემდეგ, რომელსაც ეს სისტემური პრობლემები უნდა დაეზღვია. ამიტომ, თუ ჩვენ რეტროსპექტიულად ვაფასებთ კონკრეტულ შემთხვევაში სისტემურობას, მოდით შევაფასოთ ერთიანად სამართალდამცავი სისტემაც, სასამართლო სისტემაც და ის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემურობას ემსახურებიან.
ამიტომ მე ვფიქრობ დღეს განხილვის საგანი არის აბსოლუტურად განსხვავებული საკითხი და მე პერსონალურად უამრავ ასეთი დანაშაული გამომიძიებია, ვემიჯნები კი არა, მიმიცია პასუხისგებაში ციხის თანამშრომლებიც. ქონების უკანონო ჩამორთმევის ფაქტიც დამიდგენია, მაგრამ სისტემურობას და სისტემატურობას სჭირდება ბევრად უფრო ღრმა შეფასება. ამის მტკიცების ტვირთი აქვს მოსარჩელე მხარეს და თქვენც უნდა შეაფასოთ ეს. მაგრამ ეს პარტიის აკრძალვასთან მიმართებით ბუნებრივია ვერ იქნება რელევანტური, იმიტომ რომ თავდაცვითი დემოკრატია დემოკრატიას იცავს ახლა და მომავალში…
მაგალითად ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მერაბიშვილმა მოიხადა და კაციაო. შეფასებული აქვს უკვე და გადაფურცლული აქვს ეს ნაწილი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
