საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა პუტჩისტების მიერ ზვიად გამსახურდიას გასამართლებას შეადარა.

ამის შესახებ მან დღეს, 19 ნოემბერს, ისაუბრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კითხვის პასუხად, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს შეეხებოდა.

კერძოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა 2004-2012 წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეები ჩამოთვალა, მათ შორის სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, როინ შავაძის მკვლელობები და იკითხა: „მაშინ როდესაც ამ მასშტაბის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ისმის კითხვა, იყო თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევა, მათ შორის, ღირსების უფლების ხელყოფა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, პირადი ცხოვრების ხელყოფის უფლება, საკუთრების უფლების ხელყოფა და სხვა ძირითად უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის?“

„ჩემი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ ეს მოვლენები [ენმ-ს ხელისუფლების დროინდელი] უნდა განვიხილოთ დინამიკაში. დედა აზრი არის ის, რომ 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში ის  ჯოჯოხეთი დასრულდა, რომელიც იყო მანამდე. პირობითად, გამოსწორდა 10-დან 7 ან 8 პრობლემა და დარჩა პრობლემების ნაწილი, მაგრამ სიტუაცია არ გაუარესებულა. ბევრად უარესი იყო მანამდე. იყო ზუსტადაც რომ სისტემური და კანონმორჩილ რიგით მოქალაქეს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, რომ საკუთარი თავი დაეცვა არც პოლიციაში, არც პროკურატურაში, არც სასამართლოში და არც რაიმე სხვა ფორმით. ვინაიდან ქუჩაში თუ გამოვიდოდა დახვრეტდა ვიღაც და მერე იქით გაასამართლებდა.

კი არ ვამართლებ რამეს, მე ვამბობ, რომ ჩვენ წინ უნდა წავსულიყავით და წინ წავედით“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება. განხილვა მხარეების  მიერ ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმის ეტაპზე გადავიდა. ეს ეტაპი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის მიმართ კითხვების დასმით დაიწყო.


21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].