პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში იმის გარჩევა, ჩაიდინეს თუ არა ქართველმა სამხედროებმა 2008 წელს ომის დანაშაული, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის კითხვის პასუხად განაცხადა. გორდულაძემ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს ჰკითხა, ენმ-ის ხელისუფლების მიერ 2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერა, მისი სადავო პუნქტების გათვალისწინებით, არის თუ არა იმის აღიარება, რომ საქართველომ ჩაიდინა ომის დანაშაული.

„წარმოუდგენელია, რომ ამ საკითხს ვიხილავთ დღეს მოსარჩელე მხარის ინიციატივით საკონსტიტუციო სასამართლოში. ქართულ სასამართლოში, სადაც ქართველები ერთმანეთს ვუსვამთ შეკითხვას, ჩაიდინეს თუ არა ქართველმა სამხედროებმა ომის დანაშაული. თვითონ კითხვაც კი არის უკვე ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხის განხილვით, შესაძლოა, რუსეთმა ისარგებლოს და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს.

„მე რეზოლუციის შინაარსში არ შევალ. ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხ. აქ ასეთი ფორმით დასმა კითხვის, ჩავიდინეთ თუ არა ომის დანაშაულები, მე ვფიქრობ, არის ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი. ამიტომ მე რეზოლუციის შეფასებაში არ შევალ, ერთადერთ რამეს ვიტყვი: აქ გარჩეული საკითხები, აი, ამ საჯარო სხდომაზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ლავროვის საგარეო უწყება ადევნებს თვალს, შესაძლოა, ხვალ-ზეგ გამოყენებული იქნეს ჟენევაში და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში.

ასეთი ტიპის საკითხები საჯაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პარტიების აკრძალვის საკითხს ვიხილავთ, არ ირჩევა. ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომელიც დახურულ კარს მიღმა შეიძლება გაირკვეს ერთმანეთთან. დღეს ჩვენ, ქართველები, რომ აქ ერთმანეთს ვადანაშაულებთ, რაღაც რეზოლუციას რომ მოვაწერეთ ხელი თუ არ მოვაწერეთ, ჩავიდინეთ თუ დავიბრალეთ ეს დანაშაული, მე ვფიქრობ, ეს არის ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი პროცესი.

ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, რუსული აგრესიის მსხვერპლი. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმები — ცხინვალის და სოხუმის და აბსოლუტურად ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება და ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა კიდევ უბედურება რაც ტრიალებს, არის პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე რუსეთის ფედერაცია. არც ერთი ომის დანაშაული, არც ერთი აგრესიის დანაშაული საქართველოს მოქალაქეებს, ქართულ სამხედრო შენაერთებს არ ჩაუდენიათ.

თქვენთვის [„ქართული ოცნებისთვის“] თუ 2008 წლის ომი არის „ნაცმოძრაობასა“ და რუსეთის ფედერაციას შორის მიმდინარე ომი, ეგ არის სხვა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება.

მხარეებისადმი მოსამართლეთა შეკითხვების შემდეგ, დღეს, 18 ნოემბერს, განხილვა მხარეების  მიერ ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმის ეტაპზე გადავიდა. ეს ეტაპი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის მიმართ კითხვების დასმით დაიწყო.


21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].