დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა.
ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო 19 ოქტომბერს კვლავ დააპატიმრეს.
„ძალიან მეუხერხულება საუბარი, რომ 1 თვე ვიყავი საპატიმროში, 14 დღე თუ ასე შემდეგ… ჩვენ ისეთი ხალხი გვყავს ციხეში, ჩვენი პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები, ყველა მათზე უნდა ვზრუნავდეთ და მაქსიმუმს ვაკეთებდეთ, რათა ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. აუცილებლად მივიყვანთ.
რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვისაუბრეთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. არ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვებს იმის გამო, რომ ივანიშვილს ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი და ის სიტყვები შეაქვს, რაც არ უნდა, რომ გაიგოს. ჩემი ქცევა ამით არ შეიცვლება.
მათი გზავნილია — „ყველას დაგიჭერთ“, „ყველას ჯარიმებს დაგიწერთ“! ჰქონდეთ ეს გზავნილი.
ჩვენი გზავნილია — არ გვეშინია! არ გვეშინია არანაირი მეთოდის. ისინი ვერ იქნებიან გამარჯვებულები, ჩვენ არ ვიქნებით დამარცხებულები“, — თქვა ვახო სანაიამ იზოლატორიდან გამოსვლისას.
სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფასა და ამ ქმედებით “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას” ედავებოდნენ.
ჟურნალისტს მცხეთის იზოლატორთან ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები დახვდნენ და ხუმრობის მიზნით ლადო ბოჟაძის ფიგურაც გადასცეს.
ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით.
პოსტები, რომელთა გამოც 1-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, სწორედ წინა დაპატიმრებამდე რამდენიმე წუთით ადრე და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთშია დაწერილი.
- 22 ივლისს, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა — „14 დღე **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
- 5 აგვისტოს კი, იზოლატორის დატოვებიდან რამდენიმე წუთში დაწერა: „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე, ჰო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“
- რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა, შვილო, ეშმაკმა“.
