ირაკლი კობახიძის განცხადებით 2020 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი რამდენჯერმე გაიზარდა რაც იმის დასტურია, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა.
„ამ ყველაფრის [ეკონომიკური ზრდის] საუკეთესო დასტურია საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკაც, რომელიც რამდენჯერმე არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები რამდენჯერმე მეტ შემოსავალს იღებენ და ეს ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება.“
ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია ზუსტად რამდენჯერ გაიზარდა გადახდილი საშემოსავლო, მაგრამ თავისთავად სიტყვა „რამდენჯერმე“ მინიმუმ 2-ჯერ ზრდას გულისხმობს.
რატომ საშემოსავლო და რამდენით გაიზარდა ის?
საშემოსავლო გადასახადს ფიზიკური პირები იხდიან, მათ შორის 2025 წლის მდგომარეობით, 960 ათასი დაქირავებით დასაქმებული, ასევე დივიდენდების მიმღებები და უძრავი ქონების გამქირავებლები. თანხობრივად დაქირავებით დასაქმებულთა წილი მთლიან საშემოსავლოში დაახლოებით 85%-ია.
სახელმწიფო ბიუჯეტში 2020 წელს გადახდილმა საშემოსავლომ ₾3.1 მლრდ შეადგინა, 2025 წელს — ₾7.5 მლრდ.
ნაერთ ბიუჯეტში (სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები) ეს თანხა ₾3.3 მლრდ-დან ₾8.3 მლრდ-მდე გაიზარდა. (ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია რომელ ბიუჯეტს გულისხმობდა). ამ რიცხვებზე დაყრდნობით გამოდის, რომ გადახდილი საშემოსავლოს მოცულობა 2020-დან 2025 წლამდე 2.5-ჯერ გაიზარდა, მაგრამ ნიშნავს კი ეს მოსახლეობის კეთილდღეობის 2.5-ჯერ ზრდას?
2020 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზარდა და საშუალო ხელფასიც, მაგრამ მონაცემებს მაინც აქვს ორი პრობლემა: საბაზო პერიოდი და ინფლაცია.
პანდემიისა და ინფლაციის ეფექტი
2020 წელს პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გამო, საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო. ჰორეკა სექტორი (სასტუმროები და რესტორნები) რამდენიმე თვით პრაქტიკულად სრულად გაჩერდა, ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და შესაბამისად საშემოსავლოც ვერ გადაიხადეს. ამის გამო შესადარებლად 2020 წელი არარელევანტურია. 2019 წელს საშემოსავლო უფრო მეტი იყო და სახელმწიფო ბიუჯეტში ის 3.2 ხოლო ნაერთ ბიუჯეტში 3.5 მლრდ ლარს შეადგენდა.
მეორე ფაქტორი ინფლაციაა. 2019-ის შემდეგ 2020-2025 წლებში სამომხმარებლო ფასები 39%-ით გაიზარდა. გამოდის რომ მუდმივ ფასებში დათვლით, 2019-დან 2025 წლამდე გადახდილი საშემოსავლოს მოცულობა 70%-ით გაიზარდა და არა 150%-ით.
ზოგადად სხვადასხვა წლის ბიუჯეტის შესადარებლად უფრო სწორი პრაქტიკა დეფლატორის გამოყენებაა ვიდრე ინფლაციის. დეფლატორი სამომხმარებლო კალათისგან განსხვავებით, ფასების ცვლილებას ბევრად მეტ პროდუქტსა და მომსახურებაზე ითვლის (მასში არ შედის იმპორტი), თუმცა რადგან აქცენტი მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე გაკეთდა, ამ შემთხვევაში ინფლაციით დათვლაც მართებული იქნება.
გადახდილი საშემოსავლოს მოცულობა (მლრდ. ლარი)

5 წელიწადში 150%-იანი ზრდა წლიურად 20%-იან ზრდას ნიშნავს, მაშინ როცა 6 წელიწადში 70%-იანი ზრდა წლიურად 9%-იანი ზრდაა. თავის მხრივ რეალური 9%-იანი ზრდაც არაა მცირე, მაგრამ 9%-სა და 20%-ს შორის დიდი სხვაობაა.
მსგავსი ტიპის განცხადება პირველი არ ყოფილა. “ქართულ ოცნებაში” მთლიან ბიუჯეტზე, ხელფასებზე, მშპ-ზე თუ სოფლის მეურნეობის გამოშვებაზე ხშირად დაკონკრეტების გარეშე შეუდარებიათ რიცხვები.
დაკონკრეტების გარეშე, მხოლოდ ნომინალური ზრდის დასახელება მცდარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს ტოვებს.
